“აუცილებელია, პროდუქტები შევიძინოთ იქ, სადაც ის უნდა იყიდებოდეს, სადაც უვნებლობისთვის ტემპერატურული რეჟიმი და გარემოა შენარჩუნებული”- FAO-ს წარმომადგენლის წინასააღდგომო რეკომენდაციები მომხმარებლებს

“აუცილებელია, ვეცადოთ, პროდუქტები შევიძინოთ იქ, სადაც უნდა იყიდებოდეს. ანუ, ეს არის ის მარკეტები, სავაჭრო ობიექტები, სადაც ის ტემპერატურული რეჟიმი და გარემოა შენარჩუნებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავრწმუნდეთ, რომ უვნებელ პროდუქტს ვყიდულობთ” – ამის შესახებ „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერმა, მიხეილ სოხაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სოხაძემ წინასააღდგომოდ მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართა. მისი თქმით, უპირველეს პრობლემად კვლავ გარე ვაჭრობა რჩება. როგორც სოხაძემ აღნიშნა, არ უნდა შევიძინოთ არანაირი პროდუქცია, განსაკუთრებით მალფუჭებადი, როდესაც ის გარეთ იყიდება. მისივე თქმით, ხორცის ყიდვისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირუტყვი აუცილებლად სასაკლაოზე იყოს დაკლული, თუ ასე არაა, ორგანიზმისთვის პოტენციურად საშიშია.

“ძალიან კარგია, რომ წინასააღდგომოდ ამ თემებზე ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ სურსათის უვნებლობა ეს ყველას საქმეა. დავიწყოთ იმით, რომ სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არაა. მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცის დაწყნარებას ვაპირებ, უბრალოდ, რეალურად ეს ასეა. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის, თუმცა ისეთი გამოწვევებია, მომხმარებლებს შეგვიძლია, თავად, საკმაოდ მარტივად გავართვათ თავი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ უპირველესი პრობლემა კვლავ გარე ვაჭრობა რჩება, ეს გახლავთ უკონტროლო სურსათის ყიდვა, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების, ამ მომენტისთვის ხორცს და ყველს დიდი რაოდენობით კვერცხი დაემატება. აქაც შემიძლია , მოსახლეობა დავამშვიდო, იმიტომ, რომ კვერცხის შეღებვისას მაღალი ტემპერატურა საკმაოდ დიდხანს ნარჩუნდება და შესაბამისად, წითელი კვერცხით მოშხამვის შემთხვევები, პრაქტიკულად, არ არსებობს, თუ არის, ძალიან ცოტაა . თუმცა, მაინც აუცილებელია, ვეცადოთ, პროდუქტები შევიძინოთ იქ, სადაც ის უნდა იყიდებოდეს. ანუ, ეს არის ის მარკეტები, სავაჭრო ობიექტები, სადაც ის ტემპერატურული რეჟიმი და გარემოა შენარჩუნებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავრწმუნდეთ, რომ უვნებელ პროდუქტს ვყიდულობთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ პროდუქტი არის დაცული, შეფუთული, სპეციალურად დაცულ გარემოში იმყოფება, სადაც თითით შეხება ვერ მოხერხდება და ა.შ. მოკლედ, ისეთი ელემენტარული ცოდნა გვჭირდება, რაც ვფიქრობ, მომხმარებელთა უმრავლესობამ იცის.

ხაზს ვუსვამ: არ უნდა შეიძინოთ არანაირი პროდუქცია, განსაკუთრებით მალფუჭებადი, როდესაც გარეთ იყიდება, მაგალითად, როდესაც გარეთ ხორცია ჩამოკიდებული, როცა, მასზე თითით შეხება შეგიძლიათ. ის აუცილებლად დაცული უნდა იყოს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ხორცი შესაბამის პირობებში ინახება. გამყიდველი ვალდებულია, მყიდველისთვის, ვიზუალურად ძალიან მარტივად მისაგნებ ადგილზე ეტიკეტი ჰქონდეს გაკრული. ბევრ სუპერმარკეტში ნახავთ, რომ QR კოდიც კი მოჰყვება, მას დაანათებთ და დამატებით ინფორმაციას გაჩვენებთ, პირუტყვის ფერს, ასაკს, სქესსაც კი გეტყვით. პირუტყვი აუცილებლად სასაკლაოზე უნდა იყოს დაკლული, თუ ასე არაა, ჩათვალეთ , რომ თქვენი ორგანიზმისთვის პოტენციურად საშიშია. შემდგომი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ თავად ჰიგიენური პირობები აუცილებლად დავიცვათ” – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები