გივი მიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: ისინი პატრონების დავალებას ელოდებიან
„ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციაში ღრმავდება ის კრიზისი, რაც დაკავშირებულია პოზიციების შეუთანხმებლობასთან.
„ოპოზიციაში ღრმავდება ის კრიზისი, რაც დაკავშირებულია პოზიციების შეუთანხმებლობასთან. ამის ნათელი მაგალითია ის მოთხოვნა, რომ მოხდეს ლუსტრაცია და თითოეულმა პარტიამ მყისიერად დააფიქსიროს აპირებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კონკრეტული რადიკალური ძალები, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ, უნდა ითქვას, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული. მათი პატრონები რას უბრძანებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან.
ასევე, ამ განცხადებების უკან დგას რეალობის შიში. მათ იციან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციაში დაპირისპირებაა – მიზეზი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის საკითხია. ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება, უნდა ჩაერთონ თუ არა წინა საარჩევნო კამპანიაში და არჩევნებში.