გივი მიქანაძე: არის ორკესტრირებული მცდელობა, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ამ ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარ გარანტზე, ზეწოლა

„არის ორკესტრირებული მცდელობა, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ამ ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარ გარანტზე, ზეწოლა,“- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წარმოებულ ბიძინა ივანიშვილსა და ზაზა ოქუაშვილს შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არანაირ ზეწოლას არ ექვემდებარება.

“ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოქუაშვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიუღებლად იქნა ცნობილი, მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელშიც ეს ადამიანი ჩართული იყო და არის. ეს კონკრეტული ძალების დაკვეთით ხორციელდება. არის ორკესტრირებული მცდელობა, რომ მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ამ ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მთავარ გარანტზე, ზეწოლა. თუმცა ვერც ამ საზოგადოებამ და ვერც იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ კონკრეტულ ჯგუფს გარკვეულ დაკვეთებს აძლევენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვერ გაიგეს, რომ ეს ადამიანი, არანაირ ზეწოლას, არანაირ შანტაჟს არ ექვემდებარება. ამ მოცემულობას შვეიცარიული ბანკების ავტორიტეტი გადაჰყვა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა. სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები