ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე Eagleeyeexplore-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: მათი მიზანი, პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაში მდგომარეობს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო
„რადიკალური ოპოზიციის მიზანი, როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაში მდგომარეობს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო, რამაც ქვეყანა თითქმის ერთწლიან არასტაბილურ მდგომარეობამდე მიიყვანა,“ – ამის შესახებ ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა გამოცემა Eagleeyeexplore-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. ოთხიდან სამმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა წერილი და მანდატებზე უარი თქვა. ჩვენ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა და შესაბამისად, მათი მანდატები უკან გავიწვიეთ. მათი მიზანი, როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაში მდგომარეობს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო, რამაც თითქმის ერთწლიან არასტაბილურ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ამჯერად, ჩვენ გადავწყვიტეთ შევასრულოთ მათი მოთხოვნა და მათი მანდატები უკან გავიწვიოთ, რათა კიდევ ერთ ხანგრძლივ კრიზისს დავაღწიოთ თავი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის.
დემოკრატიული თვალსაზრისით ეს სიტუაცია წარუმატებელია. ეს პარტიები საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აირჩია პარლამენტში მათი ინტერესების წარსადგენად და ახლა ისინი ამ პასუხისმგებლობაზე უარს აცხადებენ, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია, მათ მივცეთ უფლება გამოიყენონ პარლამენტი, როგორც ინსტრუმენტი არასტაბილურობის შესაქმნელად“, – განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება მეოთხე ბარიერგადალახულ პარტიას, მათ ჯერ ოფიციალურად არ მოუთხოვიათ მანდატების გაწვევა, თუმცა, ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, არ ესწრებიან სხდომებს და არ მონაწილეობენ საპარლამენტო საქმიანობაში და თუ მათი ეს ქმედება გაგრძელდება, საქმე გადაიხედება საკანონმდებლო პროცედურების შესაბამისად.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ხალხის ძალას“ ზოგიერთი დასავლური მედია „რადიკალურ ანტიდასავლურ“ პარტიად მოიხსენიებს, სეფაშვილმა უპასუხა, რომ გარე სუბიექტების მხრიდან ამის სერიოზული მცდელობები იყო. მისი თქმით, გარე ძალებს უნდოდათ, „ხალხის ძალისთვის“ ანტიდასავლური და რადიკალური პარტიის იარლიყი მიეწებებინათ, თუმცა, ყველაფერი სულ სხვანაირადაა.
„ჩვენ მყარად ვიცავთ ევროპულ ფასეულობებს – თანასწორობა, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ეს ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოების საფუძვლებია და ჩვენ მათ სრულიად ვიცავთ. ჩვენ „რადიკალები“ გვიწოდეს იმიტომ, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც დასავლეთის ორმაგი სტანდარტი გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართებით. მაგალითად, 2022 წლის ივნისში მოლდოვამაც და უკრაინამაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი არა, თუმცა ევროკავშირის ოფიციალური კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო უფრო მომზადებული იყო, ვიდრე ეს ორი ქვეყანა“, – განაცხადა სეფაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სრულიად უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას. სეფაშვილის თქმით, საქართველო გამოდის არა ევროკავშირის წინააღმდეგ, არამედ ორმაგი სტანდარტების და პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ზოგიერთმა ევროკავშირის თანამდებობის პირმა გამოიყენა ინტეგრაციის პროცესი საქართველოს შიდა საქმეებში პოლიტიკური გავლენის მოსახდენად, ხშირად ის ამისთვის რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს იყენებდა, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობდნენ. ჩვენთვის ევროკავშირი დემოკრატიულ ფასეულობებს უნდა ასახავდეს და არა პოლიტიკურ ჩარევას. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბალტიის ქვეყნები, აგრძელებენ რუსეთთან ფართო ვაჭრობას, საქართველო აიძულეს რუსეთთან კავშირი მთლიანად გაეწყვიტა. ეს უსამართლო ქმედების მხოლოდ ერთი მაგალითია“, – განაცხადა სეფაშვილმა.
სეფაშვილი თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა „ფარას“ მსგავსი კანონი, რომელიც უცხოური აგენტების რეგისტრაციას ეხება, ამან საკმაოდ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, თუმცა მიზანი მდგომარეობს გამჭვირვალობის გაზრდაში და არა დემოკრატიის შესუსტებაში.
„ევროპელი ჩინოვნიკები ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ჩვენ ეს კანონი უკან გაგვეწვია, მაგრამ ჩვენ დავსვით კითხვა: რა არის ცუდი გამჭვირვალობაში? ჩვენი გამჭვირვალობისკენ სწრაფვა გამართლებული აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. ქართული საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს და რას ემსახურება მათი ნამდვილი მიზნები“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
სეფაშვილი ასევე ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონს შეეხო. მისი თქმით, ეს კანონიც არასწორად იყო აღქმული და მას ანტი-ლგბტ კანონი უწოდეს, თუმცა ის ბავშვების და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვისკენ იყო მიმართული.
„ლგბტ უფლებები უკვე დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. ევროპელი ჩინოვნიკები გვთხოვდნენ ამ კანონის უკან გაწვევას. აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მსგავსი დისკუსიები მიდის ოჯახური ფასეულობების და ბავშვების იდეოლოგიური ზეწოლისგან დაცვის თვალსაზრისით. ეს არ არის რადიკალური პოზიცია. არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ქართველების უმრავლესობა ამ ფასეულობებს მხარს უჭერს, ამიტომაც მივიღეთ ჩვენ მანდატი“, – განაცხადა სეფაშვილმა.
სეფაშვილის თქმით, ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიული ფასეულობების, ევროპული ფასეულობების დაცვას, თუმცა ევროკავშირის ბიუროკრატია ძალიან ხშირად ამ ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედებს.
„ჩვენ ვემხრობით იმ დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძვლებად იქცნენ. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ევროკავშირმა ზურგი შეაქცია იმ პრინციპებს, რომლებსაც ოდესღაც იცავდა. ეს განსაკუთრებით ჩანს რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს შემთხვევაში: ჯერ იყო არჩევნების შედეგების გაუქმება, რომლებშიც მან გაიმარჯვა, შემდეგ კი მისი დისკვალიფიკაცია. შემდეგ მარინ ლე პენის დამნაშავედ ცნობა და მისი სიიდან ამოღება, მიუხედავად მისი წამყვანი კანდიდატის სტატუსისა. გერმანიაში ასევე წინასწარ გადაიდგა ნაბიჯები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვისთვის. უფრო მეტიც, ევროკავშირის ლიდერები აგრძელებენ უნგრეთთან და სლოვაკეთთან მიმართებით უხეშ მოპყრობას იდეოლოგიური უთანხმოების გამო. როგორც ჩანს, ევროკავშირმა უარი განაცხადა, რომ ნებისმიერი ლიბერალურ-დემოკრატიული მოთამაშის როლი ითამაშოს. ფასადი ჩამოინგრა“, – განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, იგივე პროცესებს ახვევენ თავს საქართველოსაც, საპარლამენტო არჩევნებამდე იყო მრავალჯერადი უცხოური ჩარევის მცდელობა. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან და ელჩმა ღიად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ, მათ შორის ფინანსურადაც, რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს.