გივი მიქანაძე – ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია, თეა წულუკიანის გამონათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული
„ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი ანწუხელიძე არის გმირი, თეა წულუკიანის გამონათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, რადგან რადიკალების მიზანია, დროებითი საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია მოახდინონ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან აშინებს და მათთვის მიუღებელია პროცესები, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს საზოგადოებისთვის არაფერი აქვთ სათქმელი და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავი აირიდონ პასუხების გაცემისგან. მათ შორის, ფაქტობრივად, მზად არიან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დადგეს მათთან მიმართებით და იგონებენ სრულიად უსუსურ საფუძვლებს, თითქოს ამ კომისიას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ამ კომისიას აქვს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ნებისმიერი განცხადებით ცდილობენ, თავიანთი ინტერპრეტაცია გააკეთონ, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება მოახდინონ. ანალოგიური მცდელობა იყო, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ თეა წულუკიანის ინტერვიუსთან დაკავშირებით.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ანწუხელიძე არის ჩვენი უახლესი ისტორიის უდიდესი გმირი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს ქართული გამბედაობის, ვაჟკაცობის და მტერთან შეურიგებლობის. თეა წულუკიანის გამონათქვამი იქნა აბსოლუტურად არასწორად ინტერპრეტირებული საზოგადოებაში, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმცა ხედავენ, რომ მათ ეს არ გამოსდით. პროცესი, რომელიც გვიან საღამოს თეა წულუკიანის სახლთან განვითარდა, არის გაგრძელება რადიკალების, ამ უსუსური, უსახური განცხადებების და ერთგვარი პერფორმანსების, რადგან კარგად იციან, რა საკითხებთან დაკავშირებით ხდება საგამოძიებო კომისიაზე კონკრეტული პირების დაბარება. ძალიან კარგად იციან, რატომ არ მიდიან კონკრეტული ადამიანები პასუხების გასაცემად და საზოგადოება დღითიდღე კიდევ უფრო მეტ მართლაც გაუგონარ დანაშაულს ისმენს ქართული საზოგადოების და ქართულ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც წინა ხელისუფლების და შემდგომში წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქვეყნის საზიანოდ იქნა განხორციელებული. ცალსახად ჩანს, რომ ამ კომისიის შექმნა იყო საჭირო, მნიშვნელოვანი. ამ კომისიამ ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე საზოგადოებას აჩვენა მხოლოდ ნაწილი იმ რეალობისა, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დროს“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.