გიორგი კახიანი: ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ, არანაირად არ შეიცვლება და ვერანაირი უსამართლო რეზოლუცია ამას ვერ შეცვლის

“ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ, არანაირად არ შეიცვლება და ვერანაირი უსამართლო რეზოლუცია ამას ვერ შეცვლის, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუციის გადათელვა ხდება, ისეთის, როგორიც არის “ეუთო”.

“ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ, არანაირად არ შეიცვლება და ვერანაირი უსამართლო რეზოლუცია ამას ვერ შეცვლის. ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, ახალი არჩევნების ჩატარება – არ არსებობს ამის მიზეზი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვახსოვს “ეუთო”, რომელიც არის არჩევნებთან მიმართებით ერთ-ერთი კომპეტენტური ევროპული ორგანიზაცია, არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, უწოდა კონკურენტული. ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არჩეულად და ლეგიტიმურად მიიჩნია.

ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუციის გადათელვა ხდება, ისეთის, როგორიც არის “ეუთო”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები