ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა
“ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში მოისმინა,”- ამის შესახებ ინფორმაციას, პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველმა, გვანცა ჩხეიძემ კომიტეტის წევრებს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი ინფორმაციით, 2024 წელს სამსახურს მიმართა 2959-მა მომხმარებელმა, საიდანაც 95% დადებითად იქნა დასრულებული.
გვანცა ჩხეიძემ ისაუბრა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებზე, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით წარმართულ კამპანიაზე, მომხმარებელთა მიმართვიანობის მაჩვენებლებზე. მან ყურადღება გაამახვილა ასევე სამომავლო გეგმებზე.
„სამსახურის მიერ განვლილ პერიოდში დაგროვილმა გამოცდილებამ, თანმიმდევრულად დაგეგმილმა და განხორციელებულმა აქტივობებმა, უზრუნველყო საზოგადოებაში სამსახურის ნდობისა და ცნობადობის ამაღლება, რამაც შესაბამისი ასახვა პოვა სამსახურში წარმოდგენილი საჩივრების და მიღწეული შედეგების სტატისტიკურ მაჩვენებელზე”, – განაცხადა გვანცა ჩხეიძემ.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარდგენილი ანგარიში.