პარიზში, „გრან პალეში“, პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კოკაია დაესწრნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ გახსნა.სტუმრებს შორის იყვნენ მონაკოს პრინცესა შარლოტა კაზირაგი, პარიზის წიგნის ფესტივალის გენერალური დირექტორი პიერ-ივ ბერენგე, ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყნის – მაროკოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საგამომცემლო და ლიტერატურული სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა.
კულტურის მინისტრმა „გრან პალეში“ საქართველოს ეროვნული სტენდი დაათვალიერა, რომლითაც „მწერალთა სახლი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პარიზის წიგნის ფესტივალზე უკვე მეორედ წარდგება.