ბითაძე – დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე: ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეირყეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები
“მიზანმიმართული ქმედება ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლების შერყევისთვის და მცდელობა აგრძნობინონ საქართველოს, რომ ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების დასანქცირების საკითხს ეხმაურება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ასეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ, დღეს ძალიან კარგად შეითავსა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად ერთ წინადადებიანი განმარტებით აწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომელთა მუშაობაზეც პრაქტიკულად დგას ქვეყნის უსაფრთხოება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეირყეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ნათლად იკვეთება მცდელობა, რომ საქართველოს აგრძნობინონ, რომ ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ არის ამ შემთხვევაში ბრიტანეთის კოლონია, რაც, ბუნებრივია, აკნინებს თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას“, – ამბობს ბითაძე.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კარლო კაციტაძეს.