გია ვოლსკი:რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და როცა კითხულობს ობიექტური დამკვირვებელი ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, არის უსაფუძვლო
„რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და როცა კითხულობს ობიექტური დამკვირვებელი ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, არის უსაფუძვლო,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.
„ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ის არის, რომ ეკონომიკური ომი არ გამოვუცხადეთ რუსეთს, მაგრამ მათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ჩვენზე უფრო მეტი ექსპორტი აქვთ რუსეთის მიმართულებით. სხვა ქვეყნებიც არ თაკილობენ საკმაოდ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს. მიუხედავად შემცირებისა, ამ დიდი პერიოდის განმავლობაში, უკრაინის ომიდან მოყოლებული, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზით მარაგდებოდა ევროკავშირის ქვეყნები და მილიარდობით დოლარი რუსეთის ბიუჯეტში შევიდა, რაც არის გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას აღმოუჩინეს სამხედრო დახმარება“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 2030 წელს უკვე მიაღწევენ საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის იქნება ყველა მონაცემი.
„საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილსაც, სადაც წერია, რომ საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროპულ კურსს, გარდა ამისა, კიდევ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაცია, რადგან არა თუ შევაჩერეთ, არამედ მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. ხოლო 2028 წელს, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მზად ვიქნებით, რათა ამ პროცესმა 2030 წელს უკვე მიაღწიოს საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გვექნება ყველა მონაცემი.ასე რომ, ეს სპეკულაცია მნიშვნელოვანწილად ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ შინაარსს და ამას ჰქვია თავისი კონკრეტული სახელი, ეს არის საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.