რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთში, საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინულ მხარესთან ბრძოლის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის“ და ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში გაატარებს.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძისთვის სასჯელის გამოსატანად. იგი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით“, – ნათქვამია განცხადებაში.