სამხატვრო აკადემიის რექტორად გია გუგუშვილის არჩევას სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორი გია გუგუშვილი აირჩია. აღნიშნულ კანდიდატურაზე ორი კანდიდატი: გია გუგუშვილი და ნანა იაშვილი მონაწილეობდა. გია გუგუშვილმა 8 ხმა, ხოლო ნანა იაშვილმა 2 ხმა მიიღო.
სამხატვრო აკადემიასთან შეკრებილი სტუდენტების ნაწილი ახალი რექტორის არჩევას აპროტესტებს. ისინი შედეგების გაბათილებას და ახალ რექტორთან გასაუბრებას ითხოვენ.
სტუდენტები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის შესახებაც, რომ არჩევნები დანიშნულზე ადრე ჩატარდა. სტუდენტების განცხადებით, ახალი რექტორი გია გუგუშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას ნათესავია და სწორედ ამან განაპირობა მისი რექტორად დანიშვნა.
სტუდენტები აკადემიის შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა აკადემია შიგნიდან არის ჩაკეტილი და სტუდენტებს შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.