„ჩემს ტილოებში ბევრი მზის სხივი, სიცოცხლე და სინაზეა“ – 15 წლის მხატვარი და ფიქრები ყაყაჩოებზე

დაიბადა თბილისში. თბილისის 210-ე საჯარო სკოლის წარმატებული და ფრიადოსანი მოსწავლეა, არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანია.
სწავლობს 210-ე საჯარო სკოლასთან არსებულ ხატვის სტუდიაში (პედაგოგიმხატვარი მარინა მეტრეველი).
მარიამის ფერწერული ტილოები 2024 წელს თბილისის საკრებულოში გამოიფინა, ხოლო 2025 წლის 6 აპრილს კი – გალერეა უნივერსში. ერთხანს ხატწერასაც ეუფლებოდა და არაერთი ნამუშევარიც შექმნ.
 – მარიამ ტორაძის პერსონა.

ნათია ჯიქურაშვილი და მარიამ ტორაძე

–  როდის დაიწყეთ ხატვა?  პირველი ნახატები…
– ზუსტად არ მახსოვს. ალბათ, მაშინ როცა პირველად ავიღე ფერადი ფანქარი ხელში. ჩემი პირველი ნახატი ნატურმორტი იყო.
– რატომ ფერწერა?
– რადგან აქ ჩემს თავს აქ ყველაზე კარგად ვპოულობ.
– ხატწერასაც დაეუფლეთ…
– ხატწერაზეც დავდიოდი. მანამდე კი ტაძარში გამოსახვის ფორმებს, სილუეტებს, ფერთა პალიტრას ვაკვირდებოდი. სიმარტივეში დავინახე დიდი რწმენა, სიყვარული და სილამაზე. ხატწერაზე რამდენიმე თვე ვიარე და ისევ ფერწერას დავუბრუნდი.– ერთი ნახატის ისტორია…
– ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს. უფრო მეტად, განწყობის მიხედვით ვხატავ.
ჩემი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით მიყვარს ყაყაჩოები. დედას დავუხატე. მახსოვს, ერთხელ მითხრა: როცა დედა ტირის, მისი ცრემლები ყაყაჩოს ფურცლებად გადაიქცევა. ეს არის სისხლიანი ცრემლის სილამაზეო. ამის მერე ყაყაჩოს სულ სხვა თვალით ვუმზერ. ტილოებში ბევრ მზის სხივს, სიცოცხლეს და სინაზეს გამოვსახავ. თითქოს ფერებიც თავისდა უნებურად მემორჩილება. ჩემს სათქმელს მარტივად ამბობს. რაც სულშია, ხომ გარეთ გამოგაქვს.
 თბილისის 210-ე საჯარო სკოლის წარმატებულ  და ფრიადოსან მოსწავლე  ხართ… რომელი საგნები გიყვართ?
–  სწავლა ძალიან მიყვარს. განათლების გარეშე შეუძლებელია პიროვნებად ჩამოყალიბება და სწორი გზის არჩევა. ვარ არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებული, მათ შორის „ნაუტილუსის“, კინგსის, „ევერესტის“ და „ერუდიტის“ ორ საგანში: ქართულსა და მათემატიკაში. ყველა საგანს თანაბრად ვსწავლობ.
– როგორ ასწრებთ ხატვას და სწავლას ერთად?
– 210-ე საჯარო სკოლასთან არსებულ სტუდიაში ვსწავლობ. ძირითადად საღამოს ვხატავ.
– გამოფენები…
– შარშან ჩემი ორი ტილო თბილისის საკრებულოში ხატვის სტუდიის სხვა ბავშვების ნამუშევრებთან ერთად გამოიფინა, წელს კი, 6 აპრილს, გალერეა – „უნივერსში”. როცა რაღაცას ქმნი, სურვილი გიჩნდება, სხვასაც გაუზიარო. ეს თვითგანვითარებისთვისაც საჭიროა, ხედავ, თანდათან როგორ იზრდები.
სწავლობ 210-ე საჯარო სკოლასთან არსებულ ხატვის სტუდიაში (პედაგოგი მხატვარი მარინა მეტრეველი)...
– მარინა მეტრეველი, სწავლების მეთოდებითა და მიდგომით, გამორჩეული პედაგოგია. ნახატში ყოველ დეტალზე დაკვირვებას გვასწავლის, ის ფერების შექმნის დიდოსტატია.
–  ხატვა არის…
–  სულიერი სიამოვნება. ნიჭი ადამიანის სულის სათქმელია და ის უნდა თქვა. განსაკუთრებით მიყვარს ვან გოგის „მზესუმზირები“, პარიზული ციკლი მწოლიარე და ლარნაკში მყოფ ყვავილებზე. მზესუმზირა ხომ მთელი ცხოვრება სინათლისკენ იწევს, ადამიანიც ასეა…
– მომავალი გამოფენებისთვის ემზადებით?
– ახლახან დავასრულე აბსტრაქციაზე მუშაობა. სტუდიის ბავშვები ყოველი გამოფენისთვის საგანგებოდ ვემზადებით, ახალ ნამუშევრებს ვქმნით.
– ცხოვრობთ მრავალშვილიან ოჯახში. გყავთ და-ძმა: მეხუთე კლასის წარჩინებული მოსწავლე შოთიკო ტორაძე, და – მერვე კლასის წარჩინებული მოსწავლე – ანასტასია ტორაძე. მამა – პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, სამართალდამცავი და უფროსი გამომძიებელი – დავით ტორაძე. დედა – ნათია ჯიქურაშვილი – ჟურნალისტი და მწერალია. ოჯახი ყველანაირად მხარში გიდგათ, ხელს გიწყობთ…
– რომ არა მათი მხარდაჭერა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ სწავლისა და ყოფა-ცხოვრებისთვის შემიქმნან ნორმალური გარემო. ამას წინათ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ახალი შუადღის გადაცემაშიც მიგვიწვიეს მე და დედა: – მე, როგორც ნორჩი შემოქმედი და დედა, როგორც მწერალი. დიდად არ მინერვიულია, რადგან დედაჩემის მხარდაჭერას გამოხედვითაც კი ვგრძნობდი.
– ჰობი…
– წიგნის კითხვა და ხატვა. მიყვარს კულინარიაც.– ჯილდოები…
– გამოვყოფდი ქართულ ენასა და ლიტერატურაში კინგსის ქართული ენის ლიგაში გამარჯვების ოქროს დიპლომს, ოლიმპიადა „ნაუტილუსს“, სადაც საქართველოში ორმოცდაათ საუკეთესო ბავშვს შორის დავსახელდი (ქართული ენა და ლიტერატურა) და ოლიმპიადა „ერუდიტს“, როდესაც მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვების შემდეგ ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში მოვხვდი.
– თუ აპირებთ ხატვის გაგრძელებას მომავალში?
– რა თქმა უნდა. რაც გიყვარს, ის საქმე არასდროს უნდა მიატოვო.


 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები