დავით ნარმანია სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს
დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტრასბურგში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია და დელეგაციის წევრები – გიორგი ტყემალაძე და დავით ჯიქია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯოს ვიენენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მის გაგრძელებაზე. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა, რაც კონგრესის მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშიც ხაზგასმით არის აღნიშნული.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივნის ანდრეას კიფერის თქმით, კონგრესის 27-ე სესიაზე, ყველაზე მნიშვენლოვან განსახილველ საკითხებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებია.
„ჩვენ მოვისმენთ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს, რომლებიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდნენ. ასევე, გაიმართება დებატები. ამ დისკუსიების შედეგი იქნება რეკომენდაციები, რათა საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამჟამად არსებული სტანდარტი“, – განაცხადა ანდრეას კიფერმა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, პროგრესი არჩევნების ორგანიზებაში მართლაც სახეზეა. თუმცა, რამდენიმე რეკომენდაცია გაგვაჩნია – პოლიტიკურ პარტიებს შორის ატმოსფერო ძალზე გამწვავებულია, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, გააღრმავონ თანამშრომლობა. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური ბალანსის დაცვაა“, – განაცხადა მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯოს ვიენენმა.