ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტზე: ეკონომიკური პროექტი გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, ყველაფრის მიუხედავად პროექტი ვითარდება დინამიურად, გვეყოლება თუ არა კერძო პარტნიორი, ყველა ვარიანტში ეს იქნება წარმატებული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხი დინამიურად და პოზიტიურად მიდის წინ.

მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური სპეკულაციებისა, პროექტი ვითარდება.

„მიუხედავად ამდენი სპეკულაციისა, სამწუხაროდ, ეკონომიკური პროექტი გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, დიდი პოლიტიკის ობიექტივში მოექცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს პროექტი ვითარდება ძალიან დინამიურად, პოზიტიურად.

ჩვენ გვაქვს ადეკვატური მოლოდინები, მათ შორის, დროსთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცხადებული რაც იყო, ეს არის ის დრომ რა დროსაც პორტი შეძლებს ამოქმედებას. პირველი ფაზა, ეს არის მრავალფაზიანი განვითარების პროცესი, წარიმართება აბსოლუტურად წარმატებით. სამშენებლო პარტნიორი შერჩეული გვყავს, მშენებლობის პროცესი მიდის ინტენსიურად, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, დაზუსტდა პროექტირების დეტალები და ა.შ. რაც შეეხება ხელშეკრულებას, პროექტი ხორციელდება იმის მიუხედავად, გვეყოლება თუ არა კერძო პარტნიორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მინდა საზოგადოებამ იცოდეს, იმიტომ, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ეს არის მოსახლეობასთან განცხადებული დაპირება. სახელმწიფომ უკვე აიღო ვალდებულებები და შესაბამისად, ინვესტირება დაწყებულია ამ პროექტში. აქედან გამომდინარე, ამის გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა. ეს მაინც იქნება წარმატებული პროექტი, იმიტომ, რომ ეს არის მდგრადი პროექტი. ჩვენ ყველანაირი შესწავლა გვაქვს გაკეთებული. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ან სახელმწიფო პროექტი, ან სახელმწიფოსა და კერძო პარტნიორის მიერ ერთად განხორციელებული პროექტი. ყველა ვარიანტში, ეს იქნება წარმატებით განხორციელებული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ფოკუსი იმაზე, თუ ვინ იქნება კერძო პარტნიორი, გადამეტებულია.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ამოცანები და ამ ეკონომიკურ ამოცანებში ჯდება თანამშრომლობა ყველა პარტნიორთან, მათ შორის ჩინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სამეზობლო ქვეყნებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები