რიგაში გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებულმა გოგონათა გუნდმა, იმანტ კოკარსის გრან-პრი მოიპოვა
რიგაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე – „RIGA SIGNS 2025“ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი იმანტ კოკარსის სახელობის გრან-პრის მფლობელი გახდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში გოგონათა გუნდმა პირველი პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო დირიჟორი“ ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა.
გორის გოგონათა გუნდი რიგაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.
კულტურის სამინისტრო გოგონათა გუნდს კონკურსში გამარჯვებას ულოცავს და ახალგაზრდა ხელოვანებს შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.