7 აპრილი მარიკა ბარათაშვილის დაბადების დღეა
1908 წლის 7 აპრილს, ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში დაიბადა პოეტი და დრამატურგი მარიკა ბარათაშვილი. მას 117 წელი შეუსრულდებოდა.
1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1965-1991წწ. მუშაობდა ჟურნალ „საქართველოს ქალის” რედაქტორად. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული – 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა მ. ბარათაშვილის პიესამ „ჭრიჭინა” (დაიდგა 1950 წელს, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი „ჭრიჭინა“.
აღსანიშნავია მ. ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: „ლექსები” (1948), „საპოვნელა” (1958), „დღე დღევანდელი” (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები: „ნანული” (1941), „სოფელა, თინა და ჭიანჭველები” (1949) და სხვა.
თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები „ჩემი ყვავილეთი”, „სართულები”, „მაღალი ოცნება”, „რატომ?”, „სიყვარულის წისქვილი”, „ჩქარი მატარებელი” და სხვ.
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, სახელმწიფო პრემიით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიით და სხვა ჯილდოებით.