კვლევები სტამბოლის ქართული სავანის შესახებ – საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართება
8 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, სტამბოლის ქართულ სავანესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელიც 1861 წელს დაარსდა, თავისი არქივით, ბიბლიოთეკით, უამრავი საარქივო მასალითა და უნიკალური ბიბლიოგრაფიული ერთეულებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოცემული კრებული „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ (სამ ნაწილად). კრებულის ავტორები არიან: შუშანა ფუტკარაძე, ელზა ფუტკარაძე და როინ მალაყმაძე.
ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ სწორედ ამ კრებულიდან გაიცნო მანამდე უცნობი ისტორიული დოკუმენტები.
სტამბოლის ქართულ სავანეში კვლევებს ატარებდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებიც. ღონისძიებაზე ამ კვლევების შესახებ ანგარიშიც იქნება წარმოდგენილი.