საქართველოს კულტურის მინისტრმა ზუგდიდსა და სენაკში კულტურის ობიექტები მოინახულა
საქართველოს კულტურის მინისტრმა ზუგდიდსა და სენაკში კულტურის ობიექტები მოინახულა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ რუხაძემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრში კულტურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესების წარმართვასა და კულტურის სამინისტროს მიერ ამ ინიციატივის ხელშეწყობაზე.
ახალგახსნილი თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს და სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისთვის.
ცენტრი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.
თინათინ რუხაძე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ესტუმრა და დადიანების სასახლეების განვითარების სტრატეგიული საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდიასთან ერთად მუზეუმში, ასევე ნიკოსეულ სასახლეში ჩატარებული სამუშაოები, საგამოფენო სივრცეები, წარმოდგენილი ექსპონატები და საგანძური დაათვალიერა. მინისტრი მუზეუმის მუშაობის სპეციფიკასა და საჭიროებებს გაეცნო, მათ შორის საუბარი შეეხო დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ფონდ ,,ქართუს” მიერ რეაბილიტირებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სტუმრობისას, თინათინ რუხაძემ თეატრში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.შეხვედრა გაიმართა თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დასთან. მინისტრმა თეატრს შემოქმედებით საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.