„ილია – თანამდევი სული“ – ოზურგეთის თეატრში მონოსპექტაკლი გაიმართა

ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური მონოსპექტაკლი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ დადგა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენაში გადმოცემულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრების გზა ბავშვობის წლებიდან გარდაცვალებამდე. სპექტაკლში „თანამდევი სული” იხსენებს ილიას განვლილ გზას და ეხმიანება მისთვის უმთავრეს ღირებულებებს — მამულს, ენას, სარწმუნოებას, რომლებიც პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საფუძვლად იქცა. სპექტაკლი შემეცნებითია და ილია ჭავჭავაძის იდეების სიმბოლურ და რეალურ მნიშვნელობას განიხილავს.
წარმოდგენაში მონაწილეობს მსახიობი ბელა კიკვაძე. ინსცენირება ეკუთვნის მწერალ ნინია სადღობელაშვილს, მუსიკალური გაფორმება – კოტე მალანიას, სცენოგრაფია – ლომგულ მურუსიძეს; კოსტიუმების მხატვარია ქეთი ციციშვილი.
სპექტაკლს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გურიის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი და თეატრის კრიტიკოსები დაესწრნენ.
სპექტაკლის საერთაშორისო პრემიერა საბერძნეთში, ქალაქ ათენში, 2024 წელს გაიმართა, ხოლო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იგი მაყურებელმა პირველად 2025 წლის 14 იანვარს ნახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები