“რას იმსახურებენ ის ე.წ. ქართველები, ვინც ამ ბოროტი გეგმების განხორციელებაში არიან ჩართულნი“?!
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე მიხაილ ჩერნოვის მიერ ერევანში გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება. როგორც ვაშაკიძე ფესბუქის პირად გვერდზე წერს, ჩერნოვი არის პუტინის სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი და ამდენად ერთი-ერთში აჟღერებს იმ გეგმებს, რომლებიც ახლა რუსეთის ხელმძღვანელობის თავებში ტრიალებს. “გრიგოლ ვაშაძის ძალიან სწორი კომენტარის ქვეშ არის ვინმე ნაბიჭვარი ჩერნოვის გამოსვლა ერევანში. ეს სუბიექტი არის პუტინის სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი და ამდენად ერთი-ერთში აჟღერებს იმ გეგმებს, რომლებიც ახლა რუსეთის ხელმძღვანელობის თავებში ტრიალებს. მიდგომა რეგიონისა და, პირველ რიგში, საქართველოს მიმართ არის ზუსტად ისეთი და კიდევ უფრო უარესი, როგორიც იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩვენი ქვეყნის დაპყრობის დროს. საქართველო განიხილება არა როგორც სახელმწიფო ან, თუნდაც, ერი, არამედ მხოლოდ როგორც ტერიტორია, რომელზეც მოსკოვი თავის ნება-სურვილის მიხედვით აკეთებს იმას, რაც უნდა. ბუნებრივია, ასეთი გეგმების უკან ჩვენი სახელმწიფოს და ერის დეზინტეგრაცია და მოსპობა იგულისხმება. გამომსვლელი ამას, პრაქტიკულად, თავის გამოსვლაში არც მალავს. მე მინდა ყველას ვკითხო: რას იმსახურებენ ის ეგრეთწოდებული ქართველები, ვინც ამ ბოროტი გეგმების განხორციელებაში არიან ჩართულნი და მაღალ თანამდებობეს ამოფარებულნი, ჰალსტუხმოღერებულები, ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავენ რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის სიბრძნის შესახებ?,“ – წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე.