ბავშვობიდან წერდა. პირველი ნაწერები და ჩანახატები ქვეყნდებოდა გაზეთებში. თავიდან ჟურნალისტობა უნდოდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე გადაწყვიტა შესვლა. გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. უკვე ათი წელია ამ განხრით მუშაობს. ამჟამად რუსთავის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მთავარი კონსულტანტი – მოსამართლის თანაშემწეა.
პარალელურად წერს მოთხრობებს, რომანებს. ამბობს, რომ პროფესია ეხმარება ადამიანების ფსიქოტიპისა და მათი ფსიქოლოგიის დაკვირვებასა და შესწავლაში: „სამართალმცოდნეობა არის კარგი საშუალება, შეძლო იმ ხალხის დახმარება, რომელსაც სამართლისა და სიმართლის პოვნა უჭირს“.
გამოსცა წიგნები: „არჩევანი“ – 2023 წელი (გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში „მუზა“ – ნომინაცია „წლის აღმოჩენა (დებიუტი)“;
2024 წელს – „უხილავი იარები“;
მალე იხილავს დღის სინათლეს მესამე რომანი – „გაიქეცი, ჯორჯ გაიქეცი“. – იურისტის და მწერლის, თეა ირემაშვილის პერსონა.
– ბავშვობიდან წერდით…
– ბავშვობაში ბევრი რამ მაინტერესებდა. მოგეხსენებათ, ჩემი ბავშვობის პერიოდი 90-იან და 2000-იანი წლების ადრეულ პერიოდს მოიცავს და მიუხედავად იმისა, რომ გარშემო თითქმის არაფერი იყო, გამუდმებით ვცდილობდი რაიმე საინტერესოს პოვნას, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამეუმჯობესებინა. ბაღიდანვე ვითხოვდი წერა-კითხვის სწავლას, ვინაიდან ერთადერთი გასართობი და შემეცნებითი საშუალება წიგნი და ჟურნალ-გაზეთები იყო.
ვკითხულობდი და ვწერდი „ლამპისა“ და სანთლის შუქის ფონზე, ჯერ მცირე მოთხრობებს, შემდეგ სულხან-საბა იქცა შთაგონების წყაროდ და იგავ-არაკების წერა დავიწყე, რამაც რეალურად მომცა საშუალება ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების წერის უნარის გაუმჯობესებისა. იდეები ხანდახან გარემო ფაქტორების საშუალებით მოდიოდა, ხანაც ქართულის მასწავლებელი მეუბნებოდა, რაზე უნდა დამეწერა და მითითებებსაც ყოველთვის ვითვალისწინებდი. ასე იქმნებოდა მცირე ჩანახატები, რომელსაც მხოლოდ მე, დედაჩემი და ჩემი მასწავლებელი ვკითხულობდით.
– პირველი ნაწერები…
– თითქმის ხუთი წლის ასაკიდან ვცდილობდი, პატარა, რამდენიმე წინადადების მქონე ისტორიის შექმნას, თუმცა სერიოზულად მაშინ დავიწყე ფიქრი, როცა ჩანაწერი პირველად გამოქვეყნდა გაზეთში. ბავშვობაში ერთი გაზეთი იყო, რომელიც შიდა ქართლის სკოლებში ვრცელდებოდა (შესაძლოა, სხვაგანაც) – „ჩირაღდანი“. გაზეთის რედაქციიდან, კასპში ჩამოსულ ქალბატონს ჩემივე ხელით მივეცი მცირე ჩანახატი „ფოთოლმა მიჩურჩულა“, რომელიც დაბეჭდეს.
ამ ჩანახატით ვეცადე, მეთქვა განათლების მიღებისა და სწავლის აუცილებლობის თაობაზე, რადგან იმ პერიოდში სწავლა, მით უმეტეს, ბიჭებში კარგ ტონად არ ითვლებოდა. დიდი მოტივაცია იყო, დაბეჭდილ ფურცლებზე ჩემი სახელის და გვარის წაკითხვა, რამაც მომცა ბიძგი, რომ უკეთ განმევითარებინა შესაძლებლობები.
მას შემდეგ კალამი ჩემი განუყოფელი მეგობარი გახდა. ვწერდი მცირე ჩანახატებს, ესეებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, რომელთა პირველი მკითხველი დედაჩემი იყო, ხანაც ქართულის მასწავლებელი, რომელიც შვილივით ზრუნავდა ჩემზე და მისგან საგნის გარდა, არაერთი ცხოვრებისეული საკითხები ვისწავლე.
– სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა კერძო (ბიზნეს) სამართლის სპეციალობით დაამთავრეთ. რატომ სამართალი?
– დაუჯერებელია, თუმცა არასდროს მიფიქრია იურისტობაზე. ყოველთვის ჟურნალისტობა მინდოდა. ბავშვობაში გაკვეთილებსაც ისე ვსწავლობდი, თითქოს რომელიმე საგნის შესახებ გადაცემა მიმყავდა ტელევიზიაში. უნივერსიტეტში ჩაბარებისას, რეგისტრაციის დროს გადავწყვიტე ამ პროფესიის არჩევა, რამდენიმე წამში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და ეს ის საქმეა, რომლის კეთებითაც ბედნიერი ვარ.
სამართლისა და კანონის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ აშენდება, ვერც საზოგადოება ჩამოყალიბდება, თანაც სამართალმცოდნეობა არის კარგი საშუალება, შეძლო იმ ხალხის დახმარება, რომელსაც სამართლისა და სიმართლის პოვნა უჭირს. ვფიქრობ, ეს გახდა მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილება შევიცვალე და იურისპრუდენციის პროფილი ავირჩიე.
– მუშაობდით იურისტად. ამჟამად მოსამართლის თანაშემწე ხართ. როგორ ახერხებთ იურისტობას და წერას? რაში გეხმარებათ თქვენი პროფესია წერის დროს?
– ათი წელია, ამ პროფესიაში ვარ და ყოველი დღე განსხვავებული და მრავალფეროვანია. თითოეული დღე სიახლეა. დროის განაწილება რთულია, ჩემი დრო მთლიანად სამსახურს მიაქვს, თუმცა დასვენების და უქმე დღეებში ვცდილობ, ლიტერატურას მივუძღვნა თავი.
მეორე წიგნი, „უხილავი იარები“, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკაზე, რეალური ისტორიებია, რომელთაც მუშაობის დროს მქონდა შეხება. გარდა ამისა, ჩემი პროფესია მეხმარება ადამიანების ფსიქოტიპისა და მათი ფსიქოლოგიის დაკვირვებასა და შესწავლაში, რის გამოც წიგნის გმირების ემოციები და ფიქრები მრავალწახნაგოვანია.
– რომანი „არჩევანი“ ლიტერატურული კონკურსის „მუზას“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“. როგორ იწერებოდა რომანი? და ელოდით თუ არა გამარჯვებას?
– ამ წიგნისადმი სუბიექტური დამოკიდებულებაც მაქვს, პირველი წიგნია, რომელიც ბავშვობის ოცნების ახდენის რეალური შესაძლებლობა გახდა. გამუდმებით ვიმეორებდი, რომ წიგნს დავწერდი, სამწუხაროდ სამსახურის გამო ამის მცირე დრო მქონდა და თითქმის ვერ ვახერხებდი წერას, რასაც დავწერდი მხოლოდ მცირე ნოველა და მოთხრობა იყო. სისტემატიზაციისთვის დრო არ მყოფნიდა, ვინაიდან ხშირად შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი და სამუშაო დღეებში, ღამის 11 საათამდეც. კოვიდის დროს მომიწია ერთი კვირის განმავლობაში სახლში ყოფნა, რამაც საშუალება მომცა, ჩემი ბავშვობის ოცნებისთვის ფრთები შემესხა.
სწორედ ამ პერიოდში დაიბადა იდეა წიგნისთვის, რომელიც გამარჯვებული გახდა. სათქმელი მარტივია, ადამიანებს საკუთარ ღირებულებებზე აფიქრებს, რათა არჩევანი ამის მიხედვით გააკეთონ, მომავალში სინანულისა და დანაშაულის შეგრძნების გარეშე ცხოვრებისათვის. ეს არის წიგნი სამშობლოზე, სარწმუნოებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, ახალგაზრდულ სიშლეგესა და პრობლემებზე, რომლის წინაშეც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მცირე ნაწილში ასახული ჩემი ოჯახის პატარა ტრადიციები, ურთიერთობა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, რადგან წიგნი ჩემს ოჯახს მივუძღვენი.
გამარჯვებას არ ველოდი. წიგნი რამდენიმე წლით ადრე დაიწერა, სანამ კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას, თუმცა მის გამოქვეყნებას არ ვფიქრობდი. პირველი მკითხველი ჩემი მეგობარი ქეთა იყო, რომელსაც ძალიან მოეწონა და გამომცემლობაში გაგზავნას მთხოვდა დაბეჭდვის მიზნით, რაზეც უარს ვამბობდი. თითქმის ორი წლის შემდეგ, Facebook-ზე შემთხვევით ვნახე პოსტი კონკურსის გამოცხადების შესახებ და ინტერესის გამო გავაგზავნე. შედეგი მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. ეს გახდა მეორე მიზეზი, ჩემი მოტივაციისა წერა გამეგრძელებინა.
ამის შემდეგ დაიწერა „უხილავი იარები“, შემდეგ რამდენიმე მოთხრობა, რომელიც ლიტერატურულ გაზეთებში გამოქვეყნდა და ამჟამად დასასრულს უახლოვდება რიგით მესამე წიგნი, რომელიც დღის სინათლეს ძალიან მალე იხილავს გამომცემლობა „წიგნი+ერის“ მეშვეობით. „არჩევანიც“ და „უხილავი იარებიც“ აღნიშნული გამომცემლობის მიერაა დაბეჭდილი. ეს არის გამომცემლობა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
– ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნდა მოთხრობა: „ქმედებები წარსულიდან ანუ დიალოგი საკუთარ თავთან“…
– ეს არის პატიმარი კაცის დიალოგი, რომელიც საკუთარ თავს ესაუბრება, მისი განცდები, ისტორიები, გზა, რამაც ციხის კედლამდე მიიყვანა, საზოგადოების როლი და დამოკიდებულება იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც ჩვენი დახმარება და შემდგომი რესოციალიზაცია სჭირდება. ამბავი, რომელიც შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სამართალს ვერ აპოვნინებ, როცა საზოგადოება ობოლ ბავშვს ზურგს აქცევს და ხელს უწყობს მის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში. მოზარდი მარტო რჩება და გვერდით მყოფი ადამიანის დახმარების გარეშე აცდენილ გზაზე დაიწყებს სიარულს, რადგან არავინ ჰყავს, ვინც სწორ მიმართულებას აარჩევინებს.
მოთხრობა პესიმისტურად არ მთავრდება, არ მიყვარს ასეთი დასასრული. ვფიქრობ, კითხვისას იმედის ნაპერწკალი უნდა ჩნდებოდეს მკითხველში, უკეთესის მოლოდინში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ უნდა მოუწოდებდეს, სხვა შემთხვევაში მწერლის ფუნქცია დაკარგული იქნება. ყველას თავისი გზა აქვს ადამიანების გადასარჩენად, მე წიგნი ავირჩიე. ასე ვცდილობ დავაფიქრო იმ საკითხებზე, რაზეც შეიძლება არ უფიქრია, გაუჩნდეს კითხვები და პასუხებიც თავად იპოვოს.
ვფიქრობ, ეს მოთხრობა მკითხველს ბევრ რამეზე დააფიქრებს და ამ საკითხს სხვანაირად შეხედავს. აუცილებელია სახელმწიფომაც იზრუნოს ადამიანებზე, რათა ბოროტი გზის არჩევის ნაცვლად ის გზა აირჩიოს, რომელიც სიკეთისკენ წაიყვანს. განვითარებულ სახელმწიფოში ცხოვრება და სოციალური კმაყოფილება დიდწილად იმოქმედებს კრიმინალური სიტუაციის შეცვლაზეც, რადგან ბედნიერ ადამიანს არ უჩნდება სურვილი დანაშაულის ჩადენისთვის.
– „უხილავი იარები“ ოჯახში ძალადობის თემაზეა…
– „უხილავი იარები“ რეალური ისტორიაა, ამბავი, რომელიც ოჯახში ძალადობის თითქმის ყველა მსხვერპლ ქალს გამოუვლია. დიდხანს ვმუშაობდი ამ წიგნზე, თითქმის რვა თვე დამჭირდა მის დასაწერად, რადგან ბევრი საკითხი იყო, რაც მინდოდა გამომეკვლია, განსაკუთრებით მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შევხვდი ფსიქოლოგებს, გავესაუბრე ფსიქიატრებს და ქუჩაში საზოგადოების ნაწილიც კი გამოვკითხე, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ საკითხზე დამეწერა. მიზანი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ისეთი საზოგადოების შექმნაში წვლილის შეტანაა, რომელიც მოძალადეს არ გაამართლებს და მსხვერპლს დამნაშავედ არ აქცევს იმ ლოგიკით, რომ დაიმსახურა ასეთი მოპყრობა.
მინდა საზოგადოებამ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იფიქროს, რომ ძალადობა დანაშაულია ნებისმიერი პირის მიმართ და ძალადობრივ ოჯახში აღზრდილი ბავშვებიც საჭიროებენ მეტ ყურადღებას, როგორც საზოგადოებისგან ასევე სახელმწიფოსგან, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ასეთი მოზარდები, მომავალში მსხვერპლებად, ანდა ახალ მოძალადეებად ყალიბდებიან.
– წიგნი და წიგნიერება – როგორ ფიქრობთ, 21-ე საუკუნეში რამდენად აქტუალურია?
– სამწუხაროდ, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. ტექნიკურმა საშუალებებმა წიგნი იმდენად ჩაანაცვლა, რომ ხშირად სიხარულის განცდა მეუფლება, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრს წიგნი უჭირავს და კითხულობს. მიუხედავად ამისა წიგნიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ქვეყნისა და მოქალაქის განვითარებისთვის, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ აქტუალობას არასდროს დაკარგავს. მოზარდი დისშვილები მყავს და მათთანაც ყოველთვის ვცდილობ წიგნის მნიშვნელობის ახსნას, მინდა ჩემსავით უყვარდეთ წიგნი და კითხვა, რათა შეძლონ მსოფლიო მრავალფეროვნების აღქმა, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ სფეროში.
– თქვენი მოთხრობა შევიდა ლიტერატურული მარათონის (გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა – ფასკუნჯი) საავტორო კრებულში. „ღოლოს მაგია“ – დაწერის ისტორიაზე? რატომ ღოლო?
– მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი აღმოჩნდა და წერის პროცესი ცოტა სევდიანი. მარათონის სახელი „რეცეპტები ოჯახური ალბომიდან“ იყო, რომელიც აერთიანებდა ძველი საჭმლის რეცეპტებს და მასთან დაკავშირებული ადამიანების ისტორიებს. მოთხრობა „ღოლოს მაგია“ ჩემი დიდი ბებიის ისტორიაა; ღოლოს შეჭამანდი იყო კერძი, რომელიც ცივ და სუსხიან ზამთარში, ოჯახში სტუმრად მოსულ უცნობ მამაკაცს გასათბობად მოუმზადა, შემდეგ კი მისი მეუღლე გახდა.
ამ ისტორიას შვილიშვილებს ხშირად გვიამბობდა, ხოლმე და სიყვარულით იხსენებდა გარდაცვლილ ქმარს, ბედნიერ და სევდიან დღეებსაც. მარათონის შესახებ რომ გავიგე ძალიან გამიხარდა, მინდოდა ისტორია მომავალ თაობას დარჩენოდა და ჩემს შთამომავლებსაც ახსოვდეს, ისტორიის მცირე ნაწილი, რომელიც მათ არსებობასთანაცაა კავშირში. წერის პროცესში დავბრუნდი ჩემს ბავშვობაში, როდესაც 5-6 წლის ასაკში, დიდედის კალთაში ვისმენდი ამბებს და ვტკბებოდი ბებიის სიყვარულითა და ზრუნვით. გამახსენდა ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარდნენ და აღმზარდეს.
– მოთხრობამ „წივილა და ტყუპები“ რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის საბავშვო ნომინაციაში გაიმარჯვა…
– საბავშვო მოთხრობა „წივილა და ტყუპები“ ბავშვობაში ჩემ მიერ გადარჩენილი ბარტყის ისტორიის გახსენებამ შთამაგონა. მაშინ პაპაჩემი მესაუბრებოდა ამ ჩიტის ნიშან-თვისებებზე და მასთან ერთად გადავარჩინე დაღუპვას.
ძალიან გამიხარდა, როცა რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის, საბავშვო ნომინაციაში გაიმარჯვა, რადგან რევაზ ინანიშვილი ერთ-ერთია, რომლის შემოქმედებამაც კითხვა შემაყვარა.
ძალიან მალე, SDGs Storytelling-ის პროექტის ფარგლებში, ქართულ და ინგლისურ ენაზე დაიბეჭდება ზღაპრების წიგნი, სადაც ჩემი ზღაპრებიც იქნება. პროექტის მიზანი ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადი განვითარებაა. მდგრადი განვითარება – ეს არის საზოგადოების შესაძლებლობა, დაეხმაროს მომავალ თაობას შეუქმნას ისეთი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობები, რომლითაც შენარჩუნებული იქნება ბავშვების სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით დაიძლევა 21-ე საუკუნის გამოწვევები, რომელიც დაეხმარება ბავშვებს იმ პრობლემების მოგვარებაში, რის წინაშეც შეიძლება მომავალში აღმოჩნდნენ.
აღნიშნული წიგნი, ჩემს მოთხრობებთან ერთად (სამყაროს მცველი ფერიები; მოგზაური) კარგი მაგალითია ბავშვებისთვის, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას და შეძლონ იმ რესურსების დაცვა, რასაც სამყარო გვთავაზობს. ასევე ოჯახური ზრუნვისა და სიყვარულის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
ამჟამად ვმუშაობ საბავშვო პროექტზეც, სადაც თავმოყრილი იქნება ზღაპრები და საბავშვო მოთხრობები, რომელიც არასრულწლოვანს ჩამოუყალიბებს სწორ ხედვას და დაეხმარება იმ უნარ-ჩვევების აღმოჩენასა და განვითარებაში, რომელიც აქვს.
– ჰობი…
– ბევრი რამ არის, რაც სიამოვნებას მანიჭებს და მიყვარს: ლაშქრობა, წერა, კითხვა, ცეკვა, სიმღერა (როცა სახლში მარტო ვარ), მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება; მეუღლესთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. მიყვარს მარტო ყოფნაც, ეს არის დრო, როდესაც იქმნებიან ჩემი მოთხრობებისა და წიგნის მთავარი გმირები. ისინი ჩემი საშუალებით საუბრობენ და დადიან, თითოეული მათგანი ჩემს გონებაშია შექმნილი და ნათამაშები ისე, თითქოს თეატრის სცენაზე დიდი სპექტაკლის მონაწილენი ვიყოთ. ძალიან მიყვარს თეატრსაა და ოპერაში ვიზიტი და მაყურებლის სკამი.
– ოჯახი…
– მიუხედავად ჩემი კარიერული ამბიციებისა და გეგმისა, ოჯახი ყოველთვის პრიორიტეტული იყო და იქნება. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები, რომელიც გამუდმებით ჩემ გვერდით დგანან და მათი დამსახურებით ვარ ადამიანი, რომელსაც ენდობიან და იმედი აქვთ. რომ არა დედაჩემის და მამაჩემის თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება ბავშვობაში, ცხოვრება უფრო მეტად გამირთულდებოდა ალბათ. დედაჩემი, პროფესიით ბუღალტერი, ცოტა მკაცრი და წესრიგის მოყვარული ქალია, გარშემო ყველაფერს შვილების თვალებით ხედავს და მისი მთავარი საზრუნავი და საფიქრელი ჩვენ ვართ. განათლებული და ჭკვიანი ქალბატონია, პენსიაზე გასვლამდე დიდხანს და წარმატებულად მუშაობდა თავის პროფესიაში. ამჟამად დიასახლისია.
მამა – თბილი და სიკეთით სავსე ადამიანია, დასაქმებულია კასპის ცემენტის ქარხანა „ჰანიველში“. მშობლებთან ურთიერთობა ერთი დიდი ისტორიაა, რადგან შვილებს არასდროს გვიგრძნია მათ გარეშე ყოფნა, ჩვენთან ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ ცხოვრებას და სიკეთეს ბებია-პაპასთან ერთად, რომლებიც, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან.
მყავს ორი და, ორივე დაოჯახებული და ოთხი არაჩვეულებრივი დისშვილი: ორი გოგო და ორი ბიჭი, გოგოები მოცეკვავეები არიან და წარმატებულად ართმევენ თავს ამ საქმიანობას. ბიჭები სპორტითა და მუსიკის სიყვარულით არიან დაკავებულები.
რამდენიმე თვის წინ შევქმენი ოჯახი, ჩემი მეუღლე მუდამ ჩემ გვერდითაა და ჩემი საყრდენი გახდა. მასთან ერთად დიდი გზა მაქვს გასავლელი და არაერთი გეგმა გვაქვს, რომელსაც დროთა განმავლობაში რეალობად ვაქცევთ.
– რაზე მუშაობთ? სამომავლო გეგმები…
– როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მალე დღის სინათლეს იხილავს ჩემი მესამე რომანი „გაიქეცი, ჯორჯ გაიქეცი“, რომელიც ერთ-ერთ გავრცელებულ და მნიშვნელოვან პრობლემას, ნარკოდამოკიდებულებას შეეხება. წიგნის მთავარი გმირი ქართველი ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცია, რომელსაც ახალგაზრდული სიშლეგისა და პროტესტის ნიშნად დაწყებული, ნარკოდამოკიდებულება გამოუსწორებელ შეცდომებს აშვებინებს და ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს.
ნარკოტიკების მთავარ რეალიზატორთან დაპირისპირებამ, სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა დააწყებინა, თუმცა წარსულის აჩრდილი მუდამ თან დაჰყვება და მისგან თავის დაღწევას ცდილობს.წიგნის მიზანია წარმოაჩინოს სამართლებრივი, ფსიქიკური და სოციალური პრობლემები, რომლის წინაშეც ნარკოტიკების მომხმარებელი აღმოჩნდება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობაზე, ჩაგრულის მჩაგვრელად გადაქცევის წინააღმდეგ საზოგადოების როლზე და ახალგაზრდების დამოკიდებულებასა თუ შეხედულებაზე ამ ცნებებთან მიმართებით. მთავარ იდეად მოცემულია სამართლიანობისა და თანასწორობის აუცილებლობა, დანაშაულის წინააღმდეგ გალაშქრება, ადამიანური სისუსტეები და სიძლიერე, საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების მნიშვნელობა, შეცდომის დაშვებისა და გამოსწორების შესაძლებლობები, რომელიც ხშირად, თავად სამოქალაქო საზოგადოების მიერაა იგნორირებული. ეს წიგნი მკითხველს ამოგზაურებს საქართველოსა და ფილიპინებში მთავარი გმირების მოულოდნელ, სახიფათო და ექსტრემალურ თავგადასავლებთან ერთად.
პარალელურად ვმუშაობ ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების კრებულზე, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა და მაქვს ერთი რეალური ისტორია, რომელსაც ამ ეტაპზე სიურპრიზად დავტოვებ მკითხველისთვის.
თამარ შაიშმელაშვილი