ნათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი – თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია

“ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი – ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

„ეს მემორანდუმი იყო საკმაოდ განსხვავებული სხვა მემორანდუმისგან და ასეთი ტიპის დოკუმენტისგან. თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ეს შეეხება თანამშრომლობას ორ ცენტრალურ ბანკს შორის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა – ჩინეთსაც უდგას ეს ამოცანა და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა იმდაგვარად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ინფლაცია იყოს მიზნობრივთან ახლოს.

საკმაოდ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ ფასების სტაბილურობას, ამაზე იყო ნომერ პირველი აქცენტი გაკეთებული მემორანდუმში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა ორ საფინანსო სექტორს და ბანკებს შორის თანამშრომლობა. დღეს ეს თანამშრომლობა არსებობს, წამყვანი ბანკების დონეზე და საკორესპონდენტო ურთიერთობებით შემოიფარგლება.

ჩვენი სურვილია, რომ ჩინური ფინანსური ჯგუფები, ბანკები უფრო მეტად იყო წარმოდგენილი ჩვენ ბაზარზე, უკვე უშუალოდ თავისი წარმომადგენლობების, თავისი ფილიალების, შვილობილების სახით. ჩვენი ბაზარი გახსნილია და ბუნებრივია, რომ საკმაოდ მიმზიდველია.

Bank of China არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად გლობალური და ინტერნაციონალიზებული ბანკი, რომელიც სწორედ სხვა ქვეყნებში შედის და იქ აფუძნებს თავის შვილობილებს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, მაქსიმალურად დავაახლოოთ ორი ქვეყნის საფინანსო სისტემა და ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ვიხილოთ ჩინური წამყვანი ბანკები საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტი და უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტი მიაწოდონ ბანკებმა და გაძლიერდეს კონკურენცია ჩვენს ბაზარზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი საფინანსო სისტემა საკმაოდ ძლიერია, საკმაოდ კარგად არის გამართული ბაზარი, ძალიან მიმზიდველი, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანში გაძლიერდეს ჩვენი კომერციული ურთიერთობები და საფინანსო ტრანზაქციები ჩინეთის ბაზართან, რადგან ჩვენ შუა დერეფანში ვიმყოფებით და ვემსახურებით ბიზნეს ნაკადებს, ტვირთებს, საფინანსო ნაკადებს, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აერთიანებს და ჩინეთს ძალიან დიდი წვლილი უჭირავს ამ მოძრაობაში და ამ ზოგად გლობალური ბიზნესის განვითარებაში ჩვენს რეგიონში.

ძალიან ბუნებრივია, რომ ჩინური ბანკები იყვნენ არა მხოლოდ საკორესპონდენტო ანგარიშებით წარმოდგენილი ჩვენს ბანკებში, არამედ უშუალოდ თავისი ფილიალების სახით.

საუბარი შეეხო ჩვენს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ეროვნული ბანკის რეგულაციებს. ჩვენი რეგულაციები დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე, რაც საკმაოდ ნაცნობი არის ჩინური წამყვანი ბანკებისთვის, რადგან ისინი მთელ მსოფლიოში არიან წარმოდგენილები.

გვქონდა შეხვედრა ჩინეთის სამშენებლო ბანკში, ეს ბანკი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინეთში და შესაბამისად მთლიანად მსოფლიოშიც. მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული Big four, ანუ მსხვილი სახელმწიფო ბანკების დიდ ოთხეულს. ჩინეთში ჩვენ ამ ოთხიდან სამს შევხვდით, ამ დელეგაციის ფარგლებში“, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები