გელა ნიკოლაიშვილი: უამრავი ადამიანია, რომლებმაც მეც, სხვა ადვოკატებსაც მიმართეს და ითხოვენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის განსჯის საგანი იყოს ჩვენი საქმეო
“უამრავი ადამიანია, რომელიც მეც, სხვა ადვოკატებსაც მიმართავს და სთხოვს, რომ ამ კომისიის განსჯის საგანი იყოს ჩვენი საქმეო”, – ამის შესახებ მოძრაობა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, გვიან, მაგრამ მაინც შედგა ასეთი კომისია.
„2012 წლის შემდეგ აქტიურად ვმონაწილეობდით იმ მოძრაობაში, რომელიც მოითხოვდა ასეთი [საპარლამენტო] კომისიის შექმნას და იმ საქმეების გამოძიებას, რომელიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების, სახელმწიფო უფლებების დარღვევას. სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ მაინც შედგა ასეთი კომისია. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. ერთი მომენტია, ამ კომისიას უფლებამოსილება გარკვეულად შეზღუდული აქვს, რადგან როგორც გავეცანი, მათ წესდებაში მითითებულია, რომ ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ დაშვებულ შეცდომებს, თუ დანაშაულებს და მათ გამოძიებას. ბუნებრივია, ეს გარკვეულწილად ზღუდავს წრეს, რადგან ძალიან ბევრი იყო არასამართლიანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული და დაჩაგრული ადამიანი.
შესაძლოა, არ იკვეთებოდეს იუსტიციის მინისტრის, პრეზიდენტის, თუ სხვა მინისტრის დანაშაული, თუმცა იკვეთებოდეს კონკრეტული მოსამართლეების, პროკურორების, თუ დეპარტამენტის თავმჯდომარეების დანაშაულები. მაგალითად, ბატონი ჯემალ ლეონიძის საქმეს, რომლის გამამართლებელი განაჩენის პროცედურებში სააპელაციო სასამართლოში მე ვმონაწილეობდი საქმის გადახედვის პროცესში, ძალიან დეტალურად ვიცნობ და იმიტომ მოხვდა ამ კომისიის თვალთახედვის არეში, რომ იქ იკვეთებოდა უკვე დავით კეზერაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები, თორემ ისე უამრავი ადამიანია, რომელიც მეც, სხვა ადვოკატებსაც მიმართავს და სთხოვს, რომ ამ კომისიის განსჯის საგანი იყოს ჩვენი საქმეო“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.