მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი; სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას
„საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი; სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, რაც აუცილებელია, როგორც ევროკავშირის გაფართოებისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“ – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას სხვადასხვა საკითხზე მოსაზრებების გაცვლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილია.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის და მზად ვართ, ვიმუშაოთ კიდევ უფრო აქტიურად, რათა გავაფართოოთ ეს თანამშრომლობა ბიზნეს საზოგადოებებს შორის, ორი ქვეყნის ეკონომიკურ მოთამაშეებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად.
მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და მაქვს თქვენთან პოლიტიკური დიალოგის გამართვის შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე და მიხარია, რომ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი თემები.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თქვენს მხარდაჭერას. საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაა.
ჩვენ გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მართლაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მიერ სუვერენული არჩევანის გაკეთება და შემდგომ ამ არჩევანის მხარდაჭერა – ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას.
საქართველოს სუვერენული არჩევანია ისიც, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი. სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, რაც აუცილებელია როგორც ევროკავშირის გაფართოებისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
დიალოგის გარეშე, ძალიან რთულია თანამშრომლობის გაგრძელება. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს და ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც. მადლობას მოგახსენებთ სხვადასხვა საკითხზე თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის. აუცილებელია, რომ ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილებები და გზები, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას, როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპულ სივრცეში, რაც მომავალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.