“მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს, ასევე, წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც” – მაკა ბოჭორიშვილი
“მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს, ასევე, წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში”, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს სუვერენული არჩევანია ისიც, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი.
“სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, რაც აუცილებელია როგორც ევროკავშირის გაფართოებისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დიალოგის გარეშე ძალიან რთულია თანამშრომლობის გაგრძელება. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ეკუთვნის დიდ ევროპულ ოჯახს და ასევე წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების სისტემის ნაწილსაც“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.