“ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას” – ბოჟაძე
“ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – მიიღებენ თუ არა, არჩევნებში მონაწილეობას, აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ისინი ელოდებიან დავალებების გარედან მიღებას”, – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე ისაუბრა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე“, მათ გარედან მხარდაჭერაზე და დაფინანსებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ვერ ბედავენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩევლებს, გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ასეთი გაურკვეველი დამოკიდებულება ადასტურებს ერთადერთს, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით არ გააჩნია, ამიტომ ისინი არიან გარე ძალებზე დამოკიდებული“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.