ლევან მახაშვილი: რიგითი მოქალაქის ვოიაჟი ნაკლებად საინტერესოა, თუმცა, ყურადღება მიიპყრო სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა, ის ჩვენი ქვეყნის დადანაშაულებას აგრძელებს
“ზოგადად, რომელიმე ქვეყანაში რიგითი მოქალაქის ვოიაჟი ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ განცხადებებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა”, – ამის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ყველაფერი როცა ხელის გულზე დევს და ვიცით, ქვეყანამ რა პროცესები გაიარა, რამდენ რამეს აბრალებდნენ, ამის მიუხედავად, დღემდე ეს ქალბატონი ჩვენი ქვეყნის დადანაშაულებას აგრძელებს, მაგალითად, სანქციების გვერდის ავლაში. საქართველოს ათას ტყუილს აბრალებს, თუმცა ყველაზე საგანგაშო ამ ქვეყნების მიმართ მისი მოწოდებებია, რომ საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ და ამით ქვეყანა გეოპოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთ კერად აქციონ. იმად, რასაც ამდენი წელია, ვცდილობთ, რომ თავიდან ავირიდოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა მანაც კარგად გაიაზროს, რადგან მისი სიტყვები ლამაზი სიტყვები არ არის რომელიმე ტრიბუნიდან. ამ სიტყვებს შეიძლება, ძალიან ნეგატიური და სავალალო შედეგები ჰქონდეს, რის გამოც ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. სხვათა შორის, სადაც გამოვიდა, საქართველოს დროშა არსად ფიგურირებდა, რაც კარგად აჩვენებს დამოკიდებულებას, ეს ქვეყნები რამდენად სცემენ პატივს საქართველოს ან მას. ერთადერთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ ადამიანს საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად თავის ინსტრუმენტად იყენებენ“, – განაცხადა მახაშვილმა.