მიხეილ ქარელი – ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად ხიბლში შევიდა, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა აღარ შეეძლო, იმდენად აღიზიანებდა, მდგომარეობიდან გამოდიოდა – ის არათუ მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიში ადამიანია
„ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად ხიბლში შევიდა უკვე, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა აღარ შეეძლო. იმდენად აღიზიანებდა, მდგომარეობიდან გამოდიოდა“- ამის შესახებ, 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ქარელმა მის პატიმრობაზე და საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ [მიხეილ სააკაშვილმა] „ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის მხარი დავიჭირე და მაშინვე ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა“.
როგორც ქარელი იხსენებს ის ჯერ ორთაჭალის ციხეში მიიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ბეტონის ოთახში დატოვეს.
„მე გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო, ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი. ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე მაშინ განცხადებაც დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ. დამიბარა, დახია, გაგიჟებულმა მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა სად გამგზავნიდა. მე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე არა ერთხელ მითქვამს [ირაკლი] ოქრუაშვილისთვისაც, რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგებოდა ის დღე, რომ მოვხვდებოდი ციხეში იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო აბსოლუტურად მისი ქმედებები და ამის თმენის ვალდებულებაც კი აღარ მქონდა ამ ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმომედგინა თუ რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მან ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის მხარი დავიჭირე, საპროტესტო მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, შემდეგ რაღაც სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ოთხი დღის განმავლობაში“- აღნიშნა ქარელმა.
მიხეილ ქარელი,ასევე მისი ოჯახის მიმართ ზეწოლაზეც საუბრობს.
„ითხოვდნენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რომ ვერ იღებდნენ უფრო და უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ და შემდეგ უკვე, ჩემგან რომ ვერ მიიღო ის ყველაფერი, რაც თვითონ სურდა, მთელი ზეწოლა ჩემ ოჯახის წევრებზე, ჩემ მოხუცებულ მშობლებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა, ჩამოგვართვა. სამართლებრივად როგორ შეფუთა ეს კიდევ ცალკე თემაა. ისევე როგორც ჩემ დედმამიშვილებს, ყველანი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოს მე დავასაქმე ჩემი დედმამიშვილებიც და დედაჩემიც სამსახურში, არადა ამ დროს მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემმა დებმა მუშაობა დაიწყეს და დედაჩემი მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა ფორტეპიანოს მასწავლებლად. სანამ მე დავიბადე იმ სკოლაში მაშინ დაიწყო მუშაობა. ჩემი დებიც სკოლაში დაწყებითის პედაგოგები გახლდნენ. შემდეგ ყოველდღიური გაგზავნები, რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემ მშობლებს. ვერ მოახერხეს ეს, რადგან იქ სამეზობლო, სოფელი უპირისპირდებოდა ამათ და საბოლოოდ ამ ომმა, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ, ომის დროს ის სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, პაპაჩემის აშენებული სახლი ომის დროს დაწვეს და მთლიანად გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია, მიმაჩნია. არა, თუ მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიშია“-განაცხადა მიხეილ ქარელმა.