ლევან მახაშვილი ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე: მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად რეალურ მიზნებს მალავს და შესაძლოა, როგორც წარსულის მაგალითზე, რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ემსახურებოდეს

„მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად რეალურ მიზნებს მალავს და შესაძლოა, როგორც წარსულის მაგალითზე, რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ემსახურებოდეს,”- ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – ლევან მახაშვილმა, ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მახაშვილი ორგანიზატორებსა და დამფინანსებლებს მოუწოდებს, გასაჯაროვდეს ყველა მიზანი და აქტივობა, რათა საზოგადოებისთვის პროცესები გამჭვირვალე იყოს.

„მსგავსი ტიპის შეხვედრები გამოიყენება ხოლმე არა იმ მიზნით, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს გაცხადებული, არამედ იმისთვის, თუ როგორ შეიძლება, მაგალითად საპოლიციო ძალებს, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუწიო წინააღმდეგობა და რევოლუციური სცენარები დადგა. ეს იყო ჩვენი წარსული გამოცდილება. მოვუწოდებთ ყველას, მათ დამფინანსებლებს, მხარდამჭერებს, გაასაჯაროონ რეალურად კონკრეტული აქტივობები და მიზნები, რაც აქვთ ამ ღონისძიებებზე და საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, რათა შემდგომ არ აღმოჩნდეს, როგორც წარსულში აღმოჩენილა, რომ ლამაზი სიტყვების მიღმა ხდებოდა ხოლმე რევოლუციური სცენარების დადგმა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს, თემაზე – „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები