სამეგრელოსა და შიდა ქართლში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, მდინარე ენგურზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტრო იარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ტობის სახეობის დაახლოებით 2 კგ. თევზი.
ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქემ ალუმინის გასაბერი ნავიდან ელექტროი არაღით უკანონოდ მოიპოვა კეფალის სახეობის 2,2 კგ. თევზი.
გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების – ელექტრო იარაღის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე ქარელში, მდინარე მტკვარზე. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 28 კგ. თევზი
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ ტყით სარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.