გურამ მაჭარაშვილი, ჯემალ ლეონიძეს: მაშინდელმა ხელისუფალმა, კეზერაშვილის სახით, „თიბისი ბანკის” მეშვეობით მოახერხა და წაიღო თქვენი ბიზნესი
პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანია „მაგნატის” საქმის განხილვისას, შპს „მაგნატის” მესაკუთრეს ჯემალ ლეონიძეს კითხვა დაუსვა. დეპუტატმა ნაციონალური რეჟიმის დაზარალებულის მონაყოლი შეაფასა. მისი თქმით, ნავთობკომპანია „მაგნატის” საქმე, გამონაკლისი არ არის და სწორედ ამ მეთოდებით იფორმებდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთვის სასურველი კომპანიების წილებს.
„თიბისი ბანკმა” 25% გაიფორმა, მაგრამ თანხა არ გადაიხადა, შემდგომ თქვენ დაგაკავეს, ისარგებლეს თქვენი პატიმრობით, აგზავნიდნენ ადვოკატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დარჩენილი ქონება გადააფორმეს და გადმოაფორმეს და შემდგომ უკვე, ფაქტობრივად კეზერაშვილზე გასხვისდა ეს ყველაფერი”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის წესდების მიხედვით, ბანკს არ აქვს უფლება მსგავსი ტიპის კომერციულ ბიზნესს ფლობდეს. მისი თქმით, საინტერესოა რა პოზიცია ექნებათ ამ საკითხზე ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს.
„კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის. რეალურად, თქვენი მონაყოლიდან შეგვიძლია ძალიან მოკლედ ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, არ ხართ ერთადერთი, ვისაც ასე ექცეოდნენ 2003-12 წლებში, როდესაც მაღალჩინოსანს უნდოდა ბიზნესის წილი, მთლიანად თუ ნაწილობრივ. ამ პროცესებში ჩართული იყო სხვადასხვა უწყებაც, მათ შორის, როგორც ახლა თქვენ მოყევით, „თიბისი ბანკი” ფიგურირებდა წილების გადაფორმებაში და სამწუხაროდ, არც ამ შემთხვევაში ხართ გამონაკლისი. კონკრეტიკაზე, რომ დავიდეთ, თქვენ ბრძანეთ, რომ 2008 წელს „თიბისი ბანკმა” მოგთხოვათ კრედიტის, 3 მლნ-ის დაფარვა და როგორღაც ეს მოახერხეთ, თუმცა შემდეგ, მყისიერად, ბადრი ჯაფარიძეს მოეწონა თქვენი კომპანიის ფერები და გითხრათ, რომ 25 %-ის ყიდვა უნდოდათ. კომპანიის 25% შეფასდა 7.5 მილიონად და შემდგომ, თქვეს, რომ 3 მლნ-ს გადაიხდიდნენ ამ წილში. გადაიხადეს ეს 3 მილიონი?
მივიღეთ სურათი, რომ რეალურად ბატონი კეზერაშვილის სურვილი იყო თქვენი წარმატებული ბიზნესი მიესაკუთრებინა. რა თქმა უნდა, ჩათვალა, რომ თავად არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ რეალურად, რაც თქვენ აღწერეთ და რისი ფაქტებიც არსებობს, გამოვიდა, რომ „თიბისი ბანკი” ჩაერთო ამ პროცესში, ჯერ თქვენ მოგთხოვათ ვადაზე ადრე, აბსოლუტურად უკანონოდ სესხის დაფარვა, შემდგომ წილის გაყიდვა, რაც ზოგადად საბანკო პრაქტიკაში მიუღებელია. საბანკო საქმიანობა არაა კავშირში ასეთი ტიპის საქმიანობასთან, მეტიც ეროვნული ბანკის წესდებით იკრძალება, რომ ბანკს ჰქონდეს ასეთ კომერციულ დაწესებულებებში წილი, თუმცა ამას მოახერხებდნენ როგორღაც. იმას ახერხებდნენ, რომ პატიმართან შეეგზავნათ ადვოკატი და წილი გადმოეფორმებინათ და ეროვნულ ბანკთანაც დალაგდებოდნენ რაიმე ხერხით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ცნობილი, ბანკს არ ჰქონდა ამ კომპანიის წილის ფლობის უფლება კანონმდებლობით და საინტერესოა, თუ მობრძანდებიან რა პასუხს გაგვცემენ ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე. ბოლოსკენ რომ გავიდეთ და რეზიუმე გავაკეთოთ, გამოვიდა, რომ „თიბისი ბანკი” ჩაერთო საქმეში, თქვენ ვადაზე ადრე დაგაფარინათ 3 მლნ. შემდეგ ჯაფარიძემ თქვა, რომ თქვენი კომპანიის ფერი მოეწონა და სურდა რომ ეყიდა 25%. 25% გაიფორმა, მაგრამ არც ეს თანხა და არც მისი ნახევარი არ გადაიხადა, შემდგომ თქვენ დაგაკავეს, ისარგებლეს თქვენი პატიმრობით, აგზავნიდნენ ადვოკატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დარჩენილი ქონება გადააფორმეს და გადმოაფორმეს და შემდგომ უკვე, ფაქტობრივად კეზერაშვილზე გასხვისდა ეს ყველაფერი. ასევე „თიბისი ბანკიც” ნელ-ნელა გამოვიდა ამ ბიზნესიდან. რეალურად, მაშინდელმა ხელისუფალმა, კეზერაშვილის სახით, „თიბისი ბანკის” მეშვეობით მოახერხა და წაიღო თქვენი ბიზნესი. არაფერი მეშლება ხომ? დარწმუნებული ვარ, საზოგადოება დაიჯერებს იმას, რომ კეზერაშვილს უნდოდა ეს ბიზნესი და რეალური მიზეზი ჯაფარიძის მიერ ფერების მოწონება არ ყოფილა,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.