კახა კალაძე – მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე: არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან, ეს სპეკულაციებია, არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს

არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან, ეს სპეკულაციებია, არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერიაში ხორციელდება ცვლილებები და მიმდინარეობს საშტატო რეორგანიზაცია.

„ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია, არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს. მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მერიაში დაგეგმილი მქონდა რეორგანიზაცია. ამის შემდეგ, უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და ტექსტიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არასდროს, თანამშრომლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია პოლიტიკურ ნიადაგზე.

2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი და ვერავინ ვერ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ მე რომელიმე თანამშრომლისთვის მეთხოვოს ჩემს მიმართ პირადი მხარდაჭერა, ან პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში, მუნიციპალიტეტში, გამგეობებში, სიპ-ებში და აიპ-ებში. რა თქმა უნდა, ყველა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის, ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს მათი უფლებაა.

არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან. მაგრამ, შენ თუ არ მოგწონს ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, შენ თუ არ მოგწონს ის, რასაც მე ვაკეთებ ქალაქისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია დილით ჩემთან ერთად აკეთებდე თბილისის საქმეებს და საღამოს მაკრიტიკებდე და ძირს მითხრიდე.

კრიტიკაც მისაღებია, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც შენ დადიხარ თანამშრომლებში და ემუქრები, აშანტაჟებ, რომ ხელი მოაწერინო იმ განცხადებას, რომელიც იქნა გავრცელებული. ამის კონკრეტული მასალები და „სქრინები“ არსებობს თუ როგორ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ ჩვენს თანამშრომლებს, რომ ხელი მოეწერათ აღნიშნულ დოკუმენტზე. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მე ხომ არ გზღუდავ, შენ გაქვს პოლიტიკური შეხედულება? კი ბატონო, გამოთქვი შენი პოლიტიკური შეხედულება, წადი აქციაზე, ვინ გიშლის, ვინ გზღუდავს ამაში. თუ აქამდე არავის შეუზღუდიხარ, მაინც და მაინც დღეს რატომ გახდა პოლიტიკური მოტივით შენი გათავისუფლება.

წარმოუდგენელია, არ არსებობს მსგავსი ბუნებაში, რომ რომელიმე თანამშრომელი გაგვეშვას პოლიტიკური მოტივებით, ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ვახორციელებთ ცვლილებებს, საშტატო რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ზოგი წავა და ზოგი მოვა. 200-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მაშინ თუ პოლიტიკური ნიშნით მინდოდა გაშვება, მაშინ ყველას გავუშვებდი, არც მაგის პრობლემა იქნებოდა, მაგრამ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები