დავით მათიკაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა

“ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკის” წამყვანს, რომელმაც მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და რამდენად შეაფერხებს მათი გამოუცხადებლობა კომისიის სრულფასოვან მუშაობას.

მათიკაშვილის თქმით, თუ ისინი თავს აარიდებენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, მათ მიმართ, როგორც დამნაშავე პირთა მიმართ, შესაბამისი სანქცირების გამოყენება მოხდება.

„საგამოძიებო კომისია ამ ეტაპზე დაკავებულია სწორედ ბიზნესის რეკეტის და ამ ჭრილში ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევის ფაქტებით. ჩვენ ხარძიანის ძალიან მძიმე საქმე მოვისმინეთ ცოტა ხნის წინ. იგეგმება, ასევე ბიზნესის წართმევის სხვა ფაქტების გამოძიება. ის, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს სურთ არ მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესში, რომელიც კიდევ ერთხელ გამოავლენს მათ მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სადისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჩადენილ გარემოებებს, ეს გასაგებია, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს მუხლს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ თუ არ დაემორჩილები კომისიის მოთხოვნას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრება და ჯარიმის გარდა, პატიმრობასაც ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძის ნებაზე არ არის დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის მუშაობა. თუ თავს აარიდებენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, მათ მიმართ, როგორც დამნაშავე პირთა მიმართ, შესაბამისი სანქცირების გამოყენება მოხდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები