“გუდაურში მიმდინარე სნოუბორდ კროსის შეჯიბრების ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა, ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის” – მარიამ ქვრივიშვილი
“დღევანდელი შეჯიბრების ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
„საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრება მიმდინარე ზამთრის სეზონზე უკვე მესამედ ტარდება. წელს გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღევანდელი შეჯიბრების ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა. დადებითი შეფასებები მიიღო ორგანიზებისთვის მთის ტრასების სააგენტომ და სათხილამურო ფედერაციამ. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის. მით უფრო, რომ საერთაშორისო მედია აქტიურად აქვეყნებს სიუჟეტებსა და სტატიებს მსოფლიო თასის მიმდინარეობაზე. გამონაკლისი არც დღევანდელი შეჯიბრებაა, რომელიც ევროსპორტზე პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.