თორნიკე ჭეიშვილი სხდომაზე არგამოცხადებულ პირებზე: ბოდიში მაინც მოუხადონ მათაც და საზოგადოებას იმისთვის, რაც დაატრიალეს

„ცალკე ტრაგიკული ამბავია ის, რომ ამ ადამიანებს დღესაც არ ჰყოფნით გამბედაობა, თვალებში ჩახედონ იმ პირებს, რომლებიც სწორედ მათი ქმედებების გამო იყვნენ გაუბედურებულები, გამწარებულები და რეპრესირებულები,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დაბარებულ პირთა არგამოცხადების თემასთან დაკავშირებით განაცხადა

„ბოდიში მაინც მოუხადონ მათაც და საზოგადოებას იმისთვის, რაც დაატრიალეს. ფაქტი ერთია – ვერ ბედავენ, ვერ მოდიან დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე. თუ თვლიან, რომ მართლები არიან და რაღაც არგუმენტები არსებობს მათ საკეთილდღეოდ, ეს არგუმენტები მაინც გააჟღერონ?! ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი და ვფიქრობ, მათთვის უხერხულობის შემქმნელია იმ ადამიანებთან გარკვეული კომუნიკაცია და თვალებში ჩახედვა, რომლებიც მათი ხელით და მათი დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში იყვნენ უბედურების მსხვერპლები“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ოქრუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა. მას ბრალი გუშინ წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები