ჭეიშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: ყოველი ახალ სხდომაზე ვხედავთ, რომ კიდევ უფრო საზარელი, დიდი ბოროტების მომცველი ამბები ტრიალებდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმის პირობებში
“ყოველი სხდომის შემდეგ, ვინც ადევნებს ამას თვალ-ყურს, ყველას გვეუფლება განცდა იმისა, რა შეიძლება – მოვისმინოთ და გავიგოთ ამაზე უარესი. თუმცა, ყოველი ახალი სხდომა, ახალი ისტორია, რაღაცნაირად ამ მოლოდინს გვიქარწყლებს და ვხედავთ, რომ კიდევ უფრო საზარელი, კიდევ უფრო დიდი ბოროტების მომცველი ამბები ტრიალებდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმის პირობებში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.
„რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთი იყო ბუტა რობაქიძის მკვლელობა, მეორე, ეს ეგრეთ წოდებული „ზილების რევოლუციის“ საქმე და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ სამწუხაროდ ადამიანის სიცოცხლეს ჰქონდა ჩალის ფასი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოქმედებების პირობებში. და მეორე მხრივ, ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ისტორიები, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ ადამიანის ღირსება აბსოლუტურად ფეხქვეშ იყო გათელილი. მითუმეტს თუ ის მოხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ეს პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ დავლური უნდა ეცეკვათ იქ ადამიანის ღირსებაზე, რაც არის უდიდესი დანაშაული და უდიდესი ბოროტება. ამას ებრძვის მთელი მსოფლიო შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა აქტუალური ეს თემა გასაგები მიზეზების გამო და ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი“ და თითოეული ის აქტორი, რომელიც ამ უდიდეს ბოროტებაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.