კონგოს დედაქალაქში კოკისპირული წვიმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში, ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ 33 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„რესპუბლიკა არ დაგტოვებთ“, – განუცხადა კონგოს პრეზიდენტმა ფელიქს ცისეკედიმ დაზარალებულ მოსახლეობას და თქვა, რომ მან მთავრობის კრიზისული სხდომა მოიწვია.
ქალაქ კინშასაში 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ის მდინარე კონგოზე მდებარეობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გადაჭიმული.
კონგოს დედაქალაქში წყალდიდობა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამჯერად მდინარემ ექვსი ათწლეულის განმავლობაში თავის უმაღლეს დონეს მიაღწია.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის 26 რაიონიდან წყალდიდობის გამო დაახლოებით ნახევარი დაზარალდა.
ასევე ქალაქის ყველაზე დატვირთული გზა, რომელიც ცენტრს საერთაშორისო აეროპორტთან აკავშირებს, გაუვალია, ისევე როგორც ზოგიერთი ავტომაგისტრალი, რომელიც აკავშირებს დედაქალაქს ქვეყნის მთავარ პორტთან, მატადთან.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი ხელისუფლებაზე არიან გაბრაზებულები და მათ მომხდარზე ძალიან ნელ რეაგირებასა და არასაკმარის დახმარებაში ადანაშაულებენ.