კობა კობალაძემ ფოთში ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერან ქალბატონებს – ცირა ფუტკარაძეს, ნინო ქაჯაიასა და ნანა ნადარეიშვილს ესტუმრნენ,”- ინფორმაციას ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვეტერან ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, რასთან დაკავშირებითაც ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
“სამსახურის დირექტორმა, ვეტერან ქალბატონებს, ქვეყნის ერთგული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა,დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა.
ქალბატონებმა მადლიერება გამოხატეს სამსახურის დირექტორის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და, ამავე დროს, უდიდესი პატივია, მათ ოჯახებში, დღევანდელ დღეს, კობა კობალაძის სტუმრობა; აღნიშნეს, რომ წლევანდელი 8 მარტი, მათთვის გამორჩეულ დღედ იქცა სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ გამოჩენილი ყურადღებით. ვეტერანმა ქალბატონებმა, კობა კობალაძეს და სამსახურს მადლობა გადაუხადეს დაფასებისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არ იშურებს მისი ბენეფიციარების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ცირა ფუტკარაძე, ნინო ქაჯაია და ნანა ნადარეიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები გახლავთ. ისინი, აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში მსახურობდნენ და დღესაც ამ უწყებაში ემსახურებიან ქვეყანას.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა ყველა ქალბატონს კიდევ ერთხელ ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.