„ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

   მართველი კოალიცია თვითმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. მოახლოებული არჩევნების შესახებ ამ წუთებში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განსახილველი საკითხების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს მიღებული არ იქნება.
“ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე. ასევე დავიწყებთ საუბარს თვითმმართველობის არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. რაღაც კონტურები გამოჩნდება, რა პრინციპზე უნდა ავაწყოთ საარჩევნო შტაბები. ბუნებრივია, დღეს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, თუმცა, დაიწყება მსჯელობა საარჩევნო შტაბზე, ადმინისტრაციაზე, ურთიერთობების ფორმებზე და ა.შ”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, კოალიცია არჩევნებზე სოლიდურად იქნება წარმოდგენილი. “კოალიციაში არის კომფორტული გარემო. ექვსივე პარტიას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესები დაიცვას და, ამასთანავე, კოალიციის ინტერესები იყოს დაცული. მერობის, გამგებლობის უამრავი კანდიდატის, ასევე საკრებულოს შემადგენლობის განხილვა მოხდება, თუმცა არა დღეს, არამედ, ზოგადად, ამ პროცესში. კოალიცია არჩევნებზე სოლიდურად იქნება წარმოდგენილი და, ბუნებრივია, ყველგან ველით დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენ ამის ყველანაირი საფუძველი გვაქვს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები