ამ წუთებში "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, 18:00 საათზე კი, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განუცხადა, საუბარი თვითმმართველობის არჩევნებს, შტაბისა და კანდიდატების დაკომპლექტებას შეეხება.
“ჩვენ ვიმსჯელებთ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებზე, შტაბის დაკომპლექტებაზე და ამგვარ საკითხებზე. ვინ იქნება შტაბის ხელმძღვანელი, ეს ჯერ ცნობილი არაა. ახლა შევთანხმდებით – ჯერ პარტიულ, შემდგომ კოალიციურ რეჟიმში და უახლოეს პერიოდში შტაბი დაიწყებს მუშაობას. ასევე, საუბარი იქნება კანდიდატებზეც – კოალიციური კანდიდატები გვეყოლება ყველგან, ყველა რაიონში”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, თბილისში კოალიციის მერობის კანდიდატი არ შეცვლილა და კვლავ დავით ნარმანიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები