საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2024 წელს გამოცემული წიგნების წარდგენა გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2024 წელს გამოცემული წიგნების წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ღონისძიება ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ცენტრის მკვლევრებს, გამოცემების ავტორებსა და რედაქტორებს. ასევე აღნიშნა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობა ემსახურება ქართული მწერლობის, კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას. ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თითოეული ნაშრომი დიდი შენაძენია სამეცნიერო წრეებისათვის.
ახალი გამოცემები ავტორებმა და რედაქტორებმა წარადგინეს. წარმოდგენილი 17 წიგნი ნათლად ასახავს ცენტრის მრავალმხრივ სამეცნიერო საქმიანობას. გამოცემებში შედის ფილოლოგიურ-კოდიკოლოგიური, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი, ხელნაწერი წიგნის ხელოვნებისა და ისტორიის და სხვა შინაარსის სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ქართული მწერლობის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ცენტრმა პირველად გამოსცა სერია „საარქივო მასალების“ პირველი წიგნი, ალბომი ძველი ქართული სამოსი შალვა ამირანაშვილის არქივიდან. გარდა ამისა, დაიბეჭდა ყოველწლიური პერიოდული გამოცემა მრავალთავის 28-ე ტომი, ისტორიული საბუთების კორპუსის მეხუთე ტომი, ივანე ნანუაშვილის არქივის აღწერილობა, გრანი ქავთარიას ნაშრომი – ქართული სახელმწიფოს სათავეებთან და სხვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი. მისასალმებელ სიტყვაში მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლზე მეცნიერების განვითარებაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კვლევების ხელშეწყობაში. მათი შეფასებით, ცენტრი არამარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევითი დაწესებულებაა და მას წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეაქვს სამეცნიერო საქმიანობასა და ქართველოლოგიის სფეროს განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები