ომბუდსმენმა სახალხო დამცველთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა

“23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს N38 სხდომა გამართა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება.

როგორც ინფორმაციაში წერია, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, სახალხო დამცველმა ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა და ყურადღება სოციალური დაცვის მიმართულებაზე გაამახვილა.

“სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძემ დამსწრეთ სხდომის დღის წესრიგი გააცნო და შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია.

შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს; განიხილეს ნოტარიუსების მხრიდან უსინათლო თარჯიმნებთან თანამშრომლობის, შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების მისაწვდომობის, სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღებასა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის საკითხები. ისაუბრეს ასევე, შშმ პირთა საკითხზე ეროვნულ დონეზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობასა და მათ ეფექტიანობაზე, შშმ პირთა სოციალური პაკეტის გაზრდის შესაძლებლობებზე და მოქმედი გათანაბრების მექანიზმების ხარვეზებზე.

სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები