უესლი ოტრი — კაცი, რომელმაც მეტროს ლიანდაგზე სიცოცხლე გადაარჩინა
2007 წლის იანვრის ცივ ნაშუადღევს მშენებლობაზე მომუშავე ნიუ-იორკელი უესლი ოტრი, თავის ორ პატარა ქალიშვილთან ერთად, მეტროსადგურზე მატარებელს ელოდებოდა. იქვე იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, კამერონ ჰოლოპეტერი, 20 წლის სტუდენტი, რომელსაც მოულოდნელად კრუნჩხვები დაეწყო და ლიანდაგებში ჩავარდა.
შემდეგ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა… სადგურში მოახლოებული მატარებლის სიგნალი გაისმა და იქ მყოფი ადამიანები შემზარავმა მოლოდინმა მოიცვა. ყველა ადგილზე გაიყინა, მხოლოდ უესლი ოტრიმ, საზღვაო ძალების ვეტერანმა, ინსტინქტურად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა.
მატარებელი უკვე ბაქანს უახლოვდებოდა, თუმცა უესლი უყოყმანოდ გადახტა. მისი პირველი ინსტინქტი დახმარება იყო. მან მიაღწია ჰოლოპეტერამდე, თუმცა გააცნობიერა, რომ მარტო სამშვიდობოს ვერ გაიყვანდა, ამიტომ წამში მიიღო გადაწყვეტილება: მან ჰოლოპეტერი ლიანდაგებს შორის არსებულ სივრცეში დააწვინა და ზემოდან თავად დააწვა, რათა მომავალი მატარებლისგან დაეცვა.
მატარებელმა, რომელიც საათში 30 მილის სიჩქარით მოძრაობდა, მათ თავზე „დაიღრიალა“. სასწაულებრივად, იქიდან ორივე უვნებელი გამოვიდა. ოტრი — ჭვარტლითა და ჭუჭყით დაფარული — იმდენად მშვიდად დაბრუნდა პლატფორმაზე, რომ, როგორც ჩანს, სიკვდილის მოახლოებაც არ უგრძნია.
ინციდენტმა მყისვე მიიპყრო ადამიანების ყურადღება. ოტრის, რომელსაც არც კი სურდა გმირის სტატუსი, ნამდვილ სენსაციად იქცა. ამას დიდება მოჰყვა… მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის, შეერთებულ შტატებში უმაღლესი სამოქალაქო პატივის გამომხატველი მედალი გმირობისთვის. ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსაც შეხვდა და უამრავ სატელევიზიო შოუში გამოჩნდა.
თუმცა, უესლი ოტრი თავმდაბალ ადამიანად დარჩა.
„მე არ ვთვლი ჩემს თავს გმირად, უბრალოდ, დავინახე გაჭირვებული და გავაკეთე ის, რასაც ვგრძნობდი, რომ უნდა გამეკეთებინა,” — აღნიშნა მან ინტერვიუში.