აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს შეხვედრას რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყოვლისმომცველი ომი დაასრულოს.
შესაბამისი განცხადება ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დისკუსიის დროს გააკეთა.
„ძალიან მინდა მქონდეს შესაძლებლობა, მალე შევხვდე პუტინს და დავასრულო ომი. და ეს არ ეხება ეკონომიკას ან სხვა რამეს – ეს ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც იკარგება. ბრძოლის ველზე მშვენიერი ახალგაზრდები იღუპებიან“, – დასძინა მან და უკრაინის მოვლენებს „ხოცვა-ჟლეტა“ და „საშინელი ომი“.
ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როგორ გეგმავს ომის დასრულებას და რას განიხილავს პუტინთან შეხვედრაზე.
მედიის ცნობით, ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის მომზადების ბრძანება გასცა, რომლის მიზანი შეხვედრის ორგანიზება იქნება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთს „გარიგების დადება“ მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ გამკაცრებული სანქციებისა და ტარიფების დაწესება დააანონსა.
მანვე დასძინა, რომ ომის დასრულების მიზნით ნავთობის ფასების შემცირებას შეეცდება.