აშშ-ის პრეზიდენტი: ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი დაგვეხმარება უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შეჩერებაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ძალების გაერთიანებით „შეგვიძლია ამას [ომს] ბოლო მოეღოს“.
მისივე თქმით, საჭიროა სამართლიანი ურთიერთობები აშშ-სა და ჩინეთს შორის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყანასთან 1,1 ტრილიონი დოლარის დაგროვილი სავაჭრო დეფიციტი მიუღებელია.
„ფაქტობრივად, ის [სი ძინპინი] იყო ადამიანი, რომელმაც დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება. ჩვენ მხოლოდ თანასწორობა გვინდა, თანაბარი სათამაშო პირობები. არ გვჭირდება კარგი ურთიერთობა. უბრალოდ გვინდა, რომ ისინი სამართლიანები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის გავლენისა, რომელიც ვუჰანში დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა ჩინეთის როლი უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შეჩერებაში.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი დაგვეხმარება უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შეჩერებაში. ეს, სხვათა შორის, პრეზიდენტ სისთან სატელეფონო საუბრისას აღვნიშნე. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ძალების გაერთიანებას და ამას ბოლოს მოვუღებთ“, – დასძინა მან.