პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ – კაია კალასი
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირი საკმარისს არ ხარჯავს თავდაცვაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს შეუძლია გამოცადოს ევროკავშირის მზადყოფნა თავდაცვისთვის 3-5 წელიწადში, ამიტომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები.
„პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ. ინვესტირების დროა. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საერთო ევროპული თავდაცვის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სერიოზულია“, – აღნიშნა კაია კალასმა.