ეროვნულ არქივში 2024 წელს საარქივო დოკუმენტების 2 786 393 ფურცელი, 129 კინოდოკუმენტი, 7 375 ფოტო და 465 ფონოდოკუმენტი დასკანერდა
ეროვნული არქივში დოკუმენტების გაციფრულება აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2024 წელს საარქივო დოკუმენტების 2 786 393 ფურცელი, 129 კინოდოკუმენტი, 7 375 ფოტო და 465 ფონოდოკუმენტი დასკანერდა.
საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა მიზნად ისახავს დოკუმენტების დედნების ფიზიკური დაზიანებისგან დაცვასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება და ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების ციფრული ვერსიების გამოყენებით 2024 წელს ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეიქმნა 10-მდე თემატური და საავტორო კოლექცია: მულტიმედიური გვერდები „ვანო სარაჯიშვილი – 145“ და „დიმიტრი ყიფიანი – 210“; ონლაინკოლექციები: „აკაკი ჩხენკელი- 150“, „1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება“, „ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“, „ქართული ისტორიული ძეგლები“; ასევე, ალექსანდრე როინაშვილისა და ვიტორიო სელას ფოტოების ონლაინკოლექციები.