დონალდ ტრამპის ბრძანებით აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამა დროებით შეჩერდა – აშშ-ის საგარეო დახმარების სფერო და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ღირებულებებთან მიმართებით არაეთიკურია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საგარეო დახმარების ყველა პროგრამის დროებით შეჩერებას მოაწერა ხელი. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ხელახლა უნდა შეფასდეს და გადაჯგუფდეს, ვინაიდან, საგარეო დახმარების სფერო ამერიკის ინტერესებთან თანხვედრაში არ არის.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ-ის საგარეო დახმარება ხშირად მიზნად ისახავს მსოფლიო მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას უცხოურ ქვეყნებში.

„პრეზიდენტისადმი კონსტიტუციით და აშშ-ის კანონებით მინიჭებული ძალაუფლებით, ვბრძანებ: პარაგრაფი 1. აშშ-ის საგარეო დახმარების სფერო და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ღირებულებებთან მიმართებით არაეთიკურია. ისინი მიზნად ისახავს მსოფლიო მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას უცხოურ ქვეყნებში ისეთი იდეების წახალისებით, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებასთან. პარაგრაფი 2. აშშ-ის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ აშშ-ის საგარეო დახმარება აღარ გაიცემა ისეთი ფორმით, რომელიც სრულად თანხვედრაში არ არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.” – ნათქვამია ტრამპის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში. ასევე, დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის საგარე დახმარება 90 დღით შეჩერდება, რისი მიზანიც საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანმიმდევრულობის შეფასება იქნება. “პარაგრაფი 3 (ა). აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერება 90 დღით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შესაფასებლად/გადასახედად. აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარებაზე პასუხისმგებელმა ყველა დეპარტამენტის და სააგენტოს ხელმძღვანელმა განვითარების დახმარების ფონდებიდან უნდა გააჩეროს ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა უცხო ქვეყნებისა და განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტრაქტორებისთვის მანამ, სანამ შემდეგი 90 დღის განმავლობაში არ მოხდება ამ პროგრამების აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შეფასება. მართვისა და ბიუჯეტის ოფისმა (OMB) უნდა აღასრულოს ეს შეჩერება მისი უფლებამოსილების ფარგლებში. 3(ბ). აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვა. პასუხისმგებელი დეპარტამენტის და სააგენტოს ხელმძღვანელმა უნდა დაიწყოს საგარეო დახმარების თითოეული პროგრამის გადახედვა, სახელმწიფო მდივნის ინსტრუქციების შესაბამისად, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით. 3(გ). გადაწყვეტილება. პასუხისმგებელი დეპარტამენტის და სააგენტოს ხელმძღვანელმა, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით, შეფასებაში მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებით, შემდეგი 90 დღის მანძილზე უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელოს, შეცვალოს, თუ შეაჩეროს საგარეო დახმარების თითოეული პროგრამა. 3(დ). განვითარების დახმარების შეჩერებული დაფინანსების განახლება. რომელიმე პროგრამისთვის საგარეო განვითარების დახმარების ფონდებიდან ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა შეიძლება განახლდეს 90 დღეზე ადრე, თუ შეფასება ჩატარდა, სახელმწიფო მდივანი ან მისი უფლებამოსილი პირი მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს პროგრამა იგივე ან შეცვლილი ფორმით. ასევე, ნებისმიერი ახალი საგარეო დახმარების პროგრამა ან ვალდებულება უნდა დაადასტუროს სახელმწიფო მდივანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორთან კონსულტაციით. 3(ე). გამონაკლისი. სახელმწიფო მდივანმა კონკრეტული პროგრამებისთვის შეიძლება დაუშვას პარაგრაფ 3(ა)-ში მითითებული შეჩერებისგან გამონაკლისი”, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები