“აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაარწმუნოს, რომ საქართველო რეგიონში მისი ერთგული პარტნიორია” – ზაალ ანჯაფარიძე

“აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაარწმუნოს, რომ საქართველო რეგიონში მისი ერთგული პარტნიორია, რომ მისი მმართველობის პირობებში აშშ-ის ინტერესებს არც საქართველოში, არც რეგიონში რაიმე საფრთხე არ დაემუქრება” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ საქართველოსთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

“ვფიქრობ, გადამეტებული მოლოდინების დათესვა მთლად გამართლებული არაა, იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ გაერკვევა იმ მემკვიდრეობაში, რაც წინა ადმინისტრაციამ დაუტოვა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, ასევე ზოგადად, სიტუაციაში, რაც კავკასიის რეგიონშია. ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ ააწყონ ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ურთიერთობების გადატვირთვა ცალ კარში თამაში არ არის, ამას ხელი ორივე მხარემ უნდა უნდა შეუწყოს. საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გაიღოს ხელი და ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაარწმუნოს, რომ საქართველო რეგიონში მისი ერთგული პარტნიორია, რომ მისი მმართველობის პირობებში აშშ-ის ინტერესებს არც საქართველოში, არც რეგიონში რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. პოზიციათა დაახლოება აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს. თუ პოზიციების დაახლოება ვერ მოხდა მთელ რიგ საკითხებზე , რაც როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს აწუხებს, ვერანაირი გადატვირთვა ვერ შედგება.

დონალდ ტრამპმა თავისსავე საინაუგურაციო გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანია, აშშ გააძლიეროს, როგორც ის თვლის, ისეთივე ძლიერი გახადოს, როგორიც მისი პრეზიდენტობის დროს იყო. შესაბამისად, აშშ საქართველოსთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მაინცდამაინც ისე ინტენსიურად გაითვალისწინებენ იმას, რაც “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ მათ გაითვალისწინონ, ასე არაა, იმიტომ, რომ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვთამაშობთ. დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან გარკვეული მოთხოვნები აუცილებლად იქნება დაყენებული. რა მოთხოვნებია – ამას რამდენიმე თვის შემდეგ ვნახავთ, როდესაც, ალბათ, ოფიციალური და არაოფიციალური კონტაქტები შედგება. ეს აუცილებლად გამოჩნდება, ეს დაეტყობა “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსვლების ტექსტს, პათოსსაც, ამას ასევე აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებებში ვნახავთ. ჯერჯერობით, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, ველოდოთ, როდის გაერკვევიან იმაში, თუ რა ხდება საქართველოში რეალურად. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი დიდწილად ცალმხრივი ინფორმაციით იკვებებიან იმის თაობაზე, თუ რეალურად რა ხდება ჩვენთან, იქიდან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული წინა ადმინისტრაციის დროს” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები